ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო


გაერო
გაერო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს საკითხზე ყოველწლიურ რეზოლუციას უყარა კენჭი. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთ ოსეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას ამჯერად გაეროს 81-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. გასულ წელს ასეთი პოზიცია 80-მა ქვეყანამ დააფიქსირა. არ შეცვლილა რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა - 16 გასული წლის მსგავად. კენჭისყრისგან თავი 62-მა ქვეყნის წარმომადგენელმა შეიკავა. თეა თუაშვილი გაეროს შტაბ-ბინიდან მოგვითხრობს.

გაეროს 72-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე, გენერალური პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, უცხოელ დიპლომატებს გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელმა კახა იმნაძემ მიმართა.

კახა იმნაძე: ადრე, ამ ტრიბუნიდან მე ვისაუბრე ეგრეთ წოდებული საზღვრის დამცველის მიერ ქართველი დევნილის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შესახებ, რომელსაც ეგრეთ წოდებული მესაზღვრე დაედევნა, ესროლა და ადგილზე მოკლა. ეს შემთხვევა დღისით მოხდა და ყველა ადგილობრივმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. წელს, არჩილ ტატუნაშვილი, დევნილი ცხინვალიდან, ცხინვალის თვითმარქვია ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიტაცეს, ადგილობრივ ციხეში აწამეს და ისე მოკლეს. მას სხეულიდან შინაგანი ორგანოები ამოაცალეს და გარდაცვალებიდან მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გადასცეს მისი ნაწამები სხეული ოჯახის წევრებს. მსგავსი ფაქტების ალბათობა ისევ არსებობს, რადგან ეს არ არის შემთხვევითი ტრაგედიები, ეს არის მტკიცებულება იმის, თუ როგორ ირღვევა სისტემატიურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. და როგორც გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის ყოფილმა უმაღლესმა კომისარმა შეაფასა, ეს დედამიწის შავი ხვრელივით მიუწვდომელი ტერიტორიებია.

დევნილების უფლებების დაცვის და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების მხარდამჭერი განცხადებები მოლდოვის, ლიტვის, უკრაინის, კანადის, დიდი ბრიტანეთის და ისრაელის სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გააკეთეს.

რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლის რიტორიკა წელსაც არ შეცვლილა.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა წელს ოთხი ახალი ქვეყნით გაიზარდა. ეს არის აფრიკული სახელმწიფო, ყოფილი სვაზილენდი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ესვატინი დაარქვეს, დომინიკის რესპუბლიკა, მაკედონია და ჯიბუტი. გასულ წელთან შედარებით არ გაზრდილა მოწინააღმეგეთა რაოდენობა და რეზოლუციას მხარი შესაბამისად ისევ 16 ქვეყანამ არ დაუჭირა. შედეგებს ამერიკის ხმასთან კახა იმნაძე აფასებს.

კახა იმნაძე: ეს რეზოლუცია უნდა დავინახოთ იმ საერთო კონტექსტში, რომელიც გვაქვს- პირველ რიგში ეს არის გაეროში და მეორე რიგში, საერთაშორისო ურთიერთობებში. გაეროში საქართველოს აქვს უკვე ორი რეზოლუცია, ეს რეზოლუცია, რომელიც დღე ნიუ-იორკში გავიდა და ასევე მეორე რეზოლუცია ჟენევაში, რომელიც გადის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში, რომელიც მეორეჯერ მიიღეს წელს. ორივე რეზოლუცია ეხება ერთ საკითხს, თუმცა სხვადასხვა კუთხიდან. ეს არის ჩვენს ოკუპირებული ტერტორიებზე ადამიანის უფლებები და იქ ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა დაბრუნება და ხაზს უსვამს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას. შეიძლება, მომავალში სხვა რეზოლუციებიც გამოჩნდეს და რამე შეიცვალოს. ეს დამოკიდებულია იმ დინამიკაზე, რომელიც იქნება საერთაშორისო ურთიერთობებში და იმ კონტექსტში რომელშიც გვიწევს ჩვენ მუშაობა.

აფხაზეთიდან-საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი-საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია წელს გაერომ მეათედ მიიღო.

დინამიკა წლების მიხედვით საინტერესოდ იცვლებოდა. 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ რეზოლუციას 14 მომხრე, 11 მოწინააღმდეგე ჰყავდა, ხოლო 105-მა თავი შეიკავა. ამ 105 ქვეყნიდან პოზიციები მკვეთრად შეიცვალა და მათი უმრავლესობა რეზოლუციის სტაბილური მხარდამჭერი გახდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG