ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აგვისტოს ომზე ბან კი მუნი განცხადებას ავრცელებს


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებიდან 7 წლისთავზე ახალი სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ის მხარეებს ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდებს და შეშფოთებას გამოთქვამს ეგრეთ წოდებული "სასაზღვრო პოლიტიკის" გამო, რომელიც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ რუსეთის მიერ ხორციელდება. გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა გაეროს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის ხმის კორესპონდენტის თეა თუაშვილის კითხვას უპასუხა.

სტეფან დუჟარიკი: აგვისტოს დამანგრეველი ომის შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულებიდან დღეს მართლაც შვიდი წელი გავიდა და გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი სპეციალურ განცხადებას აკეთებს. გაერო პროცესებში კონფლიქტის დაწყებისთანავე ჩაერთო და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და ექვს-პუნქტიან ხელშეკრულებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებდა. გაერო ჩართულია ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესშიც, რომელშიც გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლები შედიან და მუშაობა ცეცხლის შეწყევტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო.

გაეროს გენ. მდივანი აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატი არის ერთადერთი პლატფორმა და საშუალება, სადაც ყველა მონაწილეს და მხარეს შეუძლია განიხილოს კონფლიქტის შემდეგ არსებული საკითხები და ამ თემებზე მსჯელობა გამართონ. გაეროს გენერალური მდივანი მოუწოდებს გაეროს წარმომადგენელს, ჟენევის მოლაპარეკებებში ელჩ ტურომენს და მის გუნდს ევროკავშირთან და ეუთოს წარმომადგენლებთან აქტიური თანამშორმლობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპრაკებების ფარგლებში კვლავ გარძელდეს მუშაობა შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად და საბოლოო მშვიდობიანი რეზოლუციის მიღების მიზნით.

ამასთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური მდივანი ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს გაორმაგებული მუშაობისკენ მოუწოდებს, რათა კონკრეტული პროგრესის მიღწევა შეძლონ.

ის ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ეგრეთ წოდებული სასაზღვრო პოლიტიკის მიმართ რომელიც გრძელდება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სასაზღვრო ზოლზე. გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მონაწილე მხარეს გამოიყენონ მათ ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი, მათ შორის ჟენევის ფორმატი, და იმსჯელონ იმ შემაშფოთებელ პრობლემებზე, რომელიც შეიქმნა. ასევე მოუწოდებს 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების სრული იმპლემენტაციისკენ.

ამერიკის ხმა: უწოდებს თუ არა გაერო შექმნილ მდგომარეობას მცოცავ ანექსიას?

სტეფან დუჟარიკი: მე ისევ იმ ტერმინს გამოვიყენებდი, რაც განცხადებაშია მოყვანილი. ხელშეკრულებაში არსებობს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც ორივე მხარემ აღიარა და ხელი მოაწერა. მხარეებმა სწორედ ამას უნდა სცენ პატივი და შესაბამისი მექანიზმები გამოიყენონ.

XS
SM
MD
LG