ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფერენცია გლობალურ ბირთვულ საკითხებზე


მთავარი თემა ირანის და ჩრდილოეთ კორეის პრობლემა იქნება

ჟენევაში, გაეროს შტაბ-ბინაში, გლობალურ ბირთვულ საკითხებზე მიმდინარეობს ორკვირიანი კონფერენცია, რომლის მთავარი თემა ირანის და ჩრდილოეთ კორეის პრობლემა იქნება.
კონფერენციაში 190 სახელმწიფო მონაწილეობს, რომლებმაც 1970 წელს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ეს ხელშეკრულება ატომური იარაღის გაუვრცელებლობასთან ერთად ბირთვული ენერგიის მშვიდობიან გამოყენებასაც ისახავს მიზნად. თუმცა ირანის და ჩრდილოეთ კორეის მოქმედება საფრთხეს უქმნის ამ ხელშეკრულების პრინციპებს.
საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თომას ქანთრიმენის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ უკვე მესამედ მოაწყო ატომური იარაღის გამოცდა, ირანი კი დიდი ხანია ატყუებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ურანის გამდიდრების საკუთარ პროგრამასთან დაკავშირებით.
მისი თქმით:“ ირანის და ჩრდილოეთ კორეის საქციელმა ამ კონფერენციის ყველა მონაწილის შეშფოთება უნდა გამოიწვიოს. სრულიად აშკარაა, რომ თუ ირანი ბირთვული იარაღის განვითარებაში წარმატებას მიაღწევს, ეს ამ ხელშეკრულების აშკარა დარღვევა იქნება და მთელ რეგიონს შეუქმნის საფრთხეს.“
გასული წლის დეკემბერში ჰელსინკში ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის განხორციელება ვერ მოხერხდა, კონფერენციაში მონაწილეობაზე ისრაელის უარის გამო. ირანმა თანხმობა განაცხადა ამ კონფერენციაში მიეღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ისრაელი არ აღიარებს, მაგრამ არც უარყოფს ბირთვული იარაღის ფლობას.
ისრაელი არ შეუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას. ირანი კი ამ ხელშეკრულების წევრია. თეირანის განცხადებით, ის არ არის დაინტერესებული ატომური იარაღის შექმნაში და მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, რაც ნებადართულია ხელშეკრულების მიხედვით. თეირანის ამ განცხადების არ სჯერათ შეერთებულ შტატებს, ისრაელს და ევროკავშირს, რომლებიც შიშობენ, რომ ირანს ატომური ბომბის შექმნა სურს.
ამერიკელი დიპლომატი თომას ქანთრიმენი აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ თუ ირანმა ბირთვული იარაღის დაუფლება შეძლო, ეს მთელ მსოფლიოში ატომური იარაღის არნახულ გავრცელებას გამოიწვევს.
მისი თქმით:“ ჩრდილოეთ კორეამ სამი ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ კიდევ უფრო გაამძაფრა საომარი რიტორიკა, ამის გათვალისწინებით ძნელი წარმოსადგენი არ არის რას იზამს ირანი პირველი ატომური ბომბის გამოცდის შემდეგ და რას მოუტანს ეს მთელ მსოფლიოს.“
ჩრდილოეთ კორეა 1985 წელს შეუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, თუმცა 2003 წელს ოფიციალურად დატოვა ის. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ ტექნოლოგიებს ამ ხელშეკრულებაში ყოფნის დროს ანვითარებდა. ეს შემთხვევა ადასტურებს, როგორ არღვევს ხელშეკრულებიდან გასული სახელმწიფო მას, რაც უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. თომას ქანთრიმენის განცხადებით, ამ პრობლემას 2015 წელს დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილავენ.
XS
SM
MD
LG