ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის კონგრესი ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობას აკრძალავს


აშშ-ის კონგრესის ორივე პალატა მუშაობს კანონზე, რომელიც ამერიკელებს ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებას აუკრძალავს. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამერიკის მოქალაქის გარდაცვალება ფხენიანის საპყრობილეში გატარებული ვადის შემდეგ. ცნობილია ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეას აშშ-ის კიდევ სამი მოქალაქე ჰყავს დაპატიმრებული.

სენატის საგარეო ურთიერთბათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ კორკერი (რესპუბლიკელი ტენესიდან) ამბობს, რომ დაუშვებელია, ამერიკის მოქალაქეები თავისუფლად მოგზაურობდნენ ჩრდილოეთ კორეაში. „აუცილებელია მოგზაურობის აკრძალვა. ჩვენ უკვე ვმუშაობთ სათანადო კანონზე. ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ამერიკის მოქალაქეები. ჩრდილოეთ კორეაში კი ამის საშუალება არ გვაქვს,“ დასძენს კორკერი.

ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობა 22 წლის ამერიკელ სტუდენტ ოტო უარრმბიერს ძვირად დაუჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის პლაკატის მოპარვისათვის დაიჭირეს. ერთწლიან პატიმრობის შემდეგ კი კომატოზურ მდგომარეობაში გაათავისუფლეს და შინ დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს ჩრდილო კორეაში მოგზაურობის კონტროლის კანონს, რომელიც ამერიკელ ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებას აუკრძალავს, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი მოგზაურობას საგანგებო ნებართვა დასჭირდება. ამავე შინაარსის იქნება სენატის კანონპროექტიც. აღნიშნულ კანონპროექტებს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ორმპარტიული მხარდაჭერა აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG