ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"შემზარავი ტერორისტული თავდასხმა" - გაერო და ნატო ქაბულში მომხდარ თავდასხმებს გმობს


გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ თავდასხმებს გმობს.

გუტერეში მომხდარს „ტერორისტულ თავდასხმად“ აფასებს. ორი აფეთქების დროს, სულ 109 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 90 ავღანელი და 13 ამერიკელი ჯარისკაცი. ინფორმაციას ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ პენტაგონი ადასტურებს.

„ეს ინციდენტი ხაზს უსვამს ავღანეთში არსებული ვითარების არასტაბილურობას. მაგრამ, ასევე აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ავღანელი ხალხის მხარდასაჭერად გადაუდებელი დახმარება განვაგრძოთ“ - აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრესსპიკერი, სტივენ დუჟარიკი.

ქაბულში მომხდარი თავდასხმების შემდეგ, ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსის პრიორიტეტად კვლავ რჩება „ავღანეთიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანის, რაც შეიძლება სწრაფი და უსაფრთხო ევაკუაცია.“ სტოლტენბერგი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ „მკაცრად“ გმობს „შემზარავ ტერორისტულ თავდასხმას“.

საჯარო გამოსვლებში, მომხდარს „შემზარავ ინციდენტად“ აფასებს თალიბანი. დაჯგუფების სპიკერი, სუჰაილ შაჰინი ამბობს, რომ თალიბანი ყველა ნაბიჯს გადადგამს, დამნაშავეების დასასჯელად.

გავრცელებული ცნობებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა, ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მომხდარს „ბარბაროსულ“ თავდასხმად აფასებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ჯონსონი ამბობს, რომ მომხდარი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია სწრაფი და უსაფრთხო ევაკუაცია.

„საშინელი სცენარი, რომლისაც გვეშინოდა“ - ასე აღწერს ქაბულში მომხდარს ამერიკელი კონგრესმენი, პიტერ მეიჯერი. მეიჯერი ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ავღანეთში „საიდუმლოდ“ გაემგზავრა, რათა ენახა ქაბულის აეროპორტში არსბული ვითარება.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ამბობს, რომ ის რაც ავღანეთში ხდება, ჰუმანიტარული კრიზისია. „ჩვენმა მთავრობამ უზრუნველყოს აეროპორტის დაცვა და მოახდინოს რაც შეიძლება მეტი ამერიკელის და დაუცველი ავღანელების ევაკუაცია, რომლებიც სასოწარკვეთით ცდილობენ ქვეყნის დატოვებას“ - ნათქვამია კომიტეტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

"არაადამიანური თავდასხმები" - ასე ეხმაურება ქაბულში მომხდარ აფეთებებს, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მოკავშირეებს სწრაფი და უსაფრთხო ევაკუაციის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG