ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ქალი, მშვიდობა, უსაფრთხოება"-ქართული დელეგაცია გაეროში პრობლემებს იხილავს


საქართველოს დელეგაციის ნიუ-იორკში ვიზიტის მისია თემატურად დაემთხვა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ქალთა უფლებებს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას პირდაპირ უკავშირდება. მადლენ ოლბრაიტის პატრონაჟით გამართული კონფერენციას, რომელიც მსოფლიოს პოლიტიკოს ქალთა უფლებების დარღვევას და მათ მიმართ აგრესიას შეეხებოდა, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც დაესწრო. მმართველი გუნდის ლიდერმა "ამერიკის ხმასთან" პირადი ცხოვრების შანტაჟის ფაქტებთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა:

მანანა კობახიძე: ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ახლა ნიუ-იორკში ვდგევართ და ვსაუბრობთ როგორ წინ წასულია ქვეყანა უფლებრივი თვალსაზრისით, ინსტიტუციური მექანიზმის ცვლილებებზე და საკანონმდებლო დონეზე რეფორმაზე ვსაუბრობთ, ამ დროს ჩვენ ვაწყდებით ფაქტებს, როდესაც პირადი ცხოვრება ხდება იარაღი პოლიტიკოსი ქალბატონების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს არის შემაშფოთებელი. ყველა ღონე უნდა იქნას გამოყენებული, რომ დროზე მოხდეს დანაშაულის გამოძიება და პრევენცია. ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს დემოკრატიული განვითარების პრეტენზია.

მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 28 ათასი ფაილი განადგურდა, თუმცა არსებობს რისკი, რომ გარკვეული მასალა, მაინც იქნება შენახული:

მანანა კობახიძე: თავისთავად ფაქტი, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების ჩაწერა მოხდა, თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ამისი გაქრობა უბრალოდ შეუძლებელია. იმიტომ რომ ყოველთვის არის რისკი იმის, რომ იქნება ასლები შენახული. იმისათვის, რომ საჭირო დროს ასე ვთქვათ გამოიყენონ კონკრეტული ადამიანების დასაშანტაჟებლად. ამის პრევენცია შეუძლებელია. ამიტომ უნდა იყოს დაუნდობელი ბრძოლა დამნაშავეებთან. უნდა დადგინდეს, ვინ გადაიღო, ვინ გაავრცელა, ვინ ინახავდა, ვინ ატვირთა. უნდა იყოს ძალიან მკაცრი პასუხი კანონის მხრიდან ასეთი ტიპის დანაშაულის ჩამდენის მიმართ. რათქმაუნდა სრულად აღმოფხვრა იმისა, რომ არასოდეს ეს კადრები არ გამოჩნდეს, რთული იქნება. მე ვერ ვიქნები ისეთი ოპტიმისტი, ვთქვა რომ ასლები არ არსებობს.

"ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება" - ამ საკითხებზე გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ კონფერენციაზე ქალთა უფლებების შესახებ საქართველოში მოხსენება არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენელმა, ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ გააკეთეს. ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში უკვე გაჩნდა იურიდიული ტერმინი - იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაცია და ქმედება დასჯადი გახდა. ასევე შეიზღუდა ქორწინების ასაკიც. 16-18 წლის ახალგაზრდების ქორწინებისთვის მოსამართლის სპეციალური ნებართვაა საჭირო. საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს კონვენციას ქალთა და გოგონათა ძალადობის შესახებ, რომლის რატიფიცირება პარლამენტში უნდა მოხდეს. სოფო ჯაფარიძემ მთავრობის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. იქმნება ახალი, უწყებათშორისი კომისია, რომლის მიზანი გენდერული თანასწორობის საკითხზე კოორდინირებული მუშაობა იქნება:

სოფო ჯაფარიძე: უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე იქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომლის მანდატშიც შევა გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა გაძლიერებაზე, ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტებზე ზრუნვა. ამ კომისიას ვუხელმძღვანელებ სავარაუდოდ მე. ეს კომისია ანგარიშვალდებული იქნება ადამიანის უფლებათა საუწყებათშორისო საბჭოს წინაშე, რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვენელობს. ასევე პარლამენტის წინაშე, საკანონმდებლო დონეზე.

ქვეყნის მხრიდან გაეროს წინაშე, მდგრადი განვითარების მიზნით აღებული ვალდებულებების მთავარი საკითხი საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევაა. თუმცა ამ მხრივ უკონტროლო მდგომარეობაა იქ, სადაც რუსის ჯარი დგას.

გაეროში საქართველოს მუდმივი მისიის ელჩი კახა იმნაძე კოფერენციაზე კონფლიქტის ზონებში ქალთა უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას შეეხო და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა:

კახა იმნაძე: სამწუხაროდ, ბავშვთა და ქალთა, ზოგადად ადამიანების უფლებების დაცვის საკითხი ძალიან პრობლემატურია საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მათ მიმართ, ვინც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ, გრძელდება ფუნდამენტური თავისუფლების და უფლებების შელახვა გადაადგილების, განათლების უფლების შეზღუდვა, ეკონომიკური და სოციალურ უფლებების დარღვევა, რაც საქართველოს კოსნტიტუციით აქვთ მინიჭებული და გაეროს დიკრიმინაციის დაუშვებლობის და უმცირესობათა დაცვის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობა დაუყონებლივ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ამ დროისთვის იქ არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას მონიტორინგის ჩატარების უფლება არ აქვს.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში დღეს დასრულდება.

XS
SM
MD
LG