ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იანუკოვიჩი რუსეთს „ქაოსის“ აღკვეთაში დახმარებას სთხოვს


დევნილი პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი „განზე ვერ გადგება“ და ვერ იქნება „ინდიფერენტული“ ასეთი დიდი პარტნიორი ქვეყნის მიმართ

უკრაინის დევნილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინელებს მოუწოდებს არ დაუჭირონ მხარი გარდამავალ მთავრობას, რადგან თვითონ ჯერ კიდევ „ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტია“. იანუკოვიჩი დღეს რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ დონის როსტოვში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ძალაუფლების დატოვება „ნაციონალისტმა, პრო-ფაშისტურმა ავაზაკებმა“ აიძულეს. იანუკოვიჩმა ოპონენტებს მოუწოდა შეწყვიტონ ქვეყანაში „საშინელი უკანონობა“ და მხარდამჭერებს კი დაპირდა, რომ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების მიღებისთანავე დაბრუნდება.

იანუკოვიჩის თქმით, ის რუსეთში ჩასვლისთანავე ტელეფონით დაუკავშირდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ისინი სასწრაფო შეხვედრაზე შეთანხმდნენ. იანუკოვიჩმა გაკვირვება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით შედარებით „თავშეკავებული“ ჩანდა. მისი თქმით, რუსეთი „განზე ვერ გადგება“ და ვერ იქნება „ინდიფერენტული“ ასეთი დიდი პარტნიორი ქვეყნის მიმართ. ინუკოვიჩმა რუსეთს მოუწოდა „ნებისმიერი ხერხს“ მიმართოს იმისთვის, რომ ქვეყანაში „ქაოსი და ტერორი“ არ დაუშვას. თუმცა, ისიც დასძინა, რომ ის არ ითხოვს სამხედრო მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG