უკრაინის ხელისუფლება მუშაობს იმის თაობაზე, რომ უკრაინელებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მიმოსვლა გაუადვილდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ყირიმსა და უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის სატრანსპორტო კავშირები ოფიციალურად არ აღდგება, ახალი გამშვები პუნქტების, ავტობუსების და სარკინიგზო მიმოსვლის გაუმჯობესების პირობა, ბევრისთვის იმედისმომცემია. ზოგიერთი ანალიტიკოსი ოპტიმისტურადაა განწყობილი სამომავლო, უფრო ფართო სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ უკრაინასა და რუსეთს შორის, დონბასის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ, 6 წლიანმა კონფლიქტმა 13 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან პარიზის სამიტში მიიღონ მონაწილეობა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს მხარეები კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას და 2015 წლის მინსკის შეთანხმებაზე დაყრდნობით, დიალოგი განაგრძოს. მინსკის შეთანხმებას აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უნდა დაესრულებინა.
სექტემბერში ორ მხარეს შორის მიღწეული შეთანხმება პატიმართა გაცვლის თაობაზე, ბევრისთვის განსაკუთრებით კარგის ნიშანი იყო იმისა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის სხვაგვარი დინამიკა შეიძლება განვითარდეს.
გაცვლისას უკრაინაში დაბრუნებულთა შორის იყო 43 წლის მწერალი და რეჟისორი ოლეგ სენცოვი და ის 24 მეზღვაური, რომლებიც თითქმის ერთი წლის წინ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტისას რუსმა მეზღვაურებმა დააკავეს და ამ დრომდე პატიმრობაში რჩებოდნენ.
"რადიო თავისუფლებისთვის" ამ კვირაში მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ აღნიშნა, რომ სასაზღვრო მიმოსვლის აღდგენა მოგვიანებით შესაძლებელია. თუმცა უკრაინელი უფლებადამცველები ამბობენ, რომ მოლაპარაკებების წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს მოსკოვის მიერ იმ 200 ადამიანის გათავისუფლება, რომლებსაც "კრემლის მძევლებად" მოიხსენიებენ. აქტივისტების აზრით, ეს ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა მოხდეს. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ყირიმში 86 ასეთი პატიმარი ჰყავთ, რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასის რეგიონში კი 227 უკრაინელი იმყოფება ჯერ კიდევ ასეთ "მძევლად."
პატიმართა ნახევარზე მეტი ყირიმელი თათრები, ადგილობრივი უფლებადამცველი აქტივისტები არიან. მათ შორის სერვერ მუსტაფაევი "ყირიმელთა სოლიდარობის" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც თანამემამულეების სახლებისა და ოფისების ჩხრეკას, მათ დაპატიმრებას და სასამართლო პროცესებს ხშირად პირდაპირ ეთერში გადასცემს. კრემლი თათარ აქტივისტებს ხშირად ტერორისტებად მოიხსენიებს.
დონბასში დაკავებულთა შორის ერთ-ერთია სტანისლავ ასეიევიც, უკრაინელი მწერალი, რომელიც დონეცკიდან სიახლეებს გადმოსცემდა და ავტობიოგრაფიული ნოველაც კი დაწერა იმის თაობაზე, თუ როგორია ცხოვრება ოკუპაციის ქვეშ. ასეიევს ბრალი ჯაშუშობაში ედება. კიდევ ერთი დაპატიმრებული ვალენტინ ვიჰივსკა, უკრაინელი ბიზნესმენი, რომელიც 2014 წელს სიმფეროპოლში ყირიმის მილიციამ დააკავა და ინდუსტრიულ ჯაშუშობაში წაუყენა ბრალი. მას 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ოსეკსანდრა მატვიჩუკი, "სამოქალაქო უფლებების ცენტრის" ხელმძღვანელი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ ყველა ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არსებული ინფორმაციით, პატიმართა გათავისუფლება ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია. "ვიმედოვნებ, რომ უკრაინის სამოქალაქო საზოგადოება ამას მოითხოვს - რომ ყველა, ვინც უკანონოდ დააკავეს, გათავისუფლდეს", - ამბობს მატვიჩუკი.
Facebook Forum