ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკო პრორუს სეპარატისტებს ხვდება


საპრეზიდენტო კანდიდატი იულია ტიმოშენკო აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს სეპარატისტებთან კერძო საუბრებს მართავს

პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკში სამთავრობო შენობებს 7 აპრილის შემდეგ აკონტროლებს. ქალაქში ხმის გამაძლიერებლებია ჩართული, საიდანაც საბჭოთა პერიოდის მუსიკა და პატრიოტული სიმღერები ისმის. გარედან შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს, რომ პრორუს სეპარატისტებს საზეიმო განწყობა აქვთ, თუმცა, შენობების შიგნით სულ სხვა სიტუაციაა. ამბოხებულები მთავრობის მხრიდან იერიშისათვის აქტიურად ემზადებიან და მათ შორის ავისმომასწავებელი მოლოდინი შეიმჩნევა.

22 აპრილს დონეცკში წინააღმდეგობებით მოცული ფიგურა, ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო ჩავიდა, რომელიც ახლა საპრეზიდენტო კანდიდატია. მას იმედი აქვს, რომ პრორუსულად განწყობილ მოსახლეობასთან საერთო ენას გამონახავს და დაარწმუნებს მათ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში სამთავრობო შენობები დატოვონ. პრესკონფერენციის შემდეგ ტიმოშენკო „ამერიკის ხმას“ ესაუბრა.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:40 0:00
ბმული

ის დარწმუნებულია, რომ „ხელისუფლებამ კანონით უნდა იხელმძღვანელოს და მათ წინააღმდეგ, ვინც კანონი დაარღვია, აუცილებლად ლეგიტიმური მეთოდები უნდა გამოიყენოს. მე არ წარმოვადგენ მთავრობას, არ ვარ თანამდებობაზე, პარტიის ხელმძღვანელი ვარ. ამიტომ მხოლოდ ხელისუფლების ნაბიჯების პარალელურად მოლაპარაკებებს ვაწარმოებ“ - აცხადებს ის.

ტიმოშენკოს თქმით, სეპარატისტებთან მეტი შეხვედრა და დიალოგია საჭირო. ის დონეცკში არამარტო ამბოხებულებს, არამედ ადგილობრივ ბიზნეს-ლიდერებსაც შეხვდა. პრესკონფერენცია თავიდან სამთავრობო შენობების მახლობლად იგეგმებოდა, მაგრამ ნიღბიანი შეიარაღებული პირების და დიდი რაოდენობით პრორუსი მოსახლეობის გამოჩენის შემდეგ, თანაშემწეებმა ტიმოშენკოს გადაწყვეტილება შეაცვლევინეს და პრესკონფერენცია მოგვიანებით სასტუმროშივე ჩატარდა.

აღმოსავლეთ უკრაინაში ტიმოშენკო პოპულარული ფიგურა არ არის. იმის მიუხედავად, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიანიშნა, რომ ტიმოშენკო საპრეზიდენტო პოსტზე მისი სასურველი კანდიდატია, ის დონეცკში მაინც არ უყვართ. საზოგადოებრივ გამოკითხვებშიც ტიმოშენკოს საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი აქვს. თუმცა, ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველი მაინც ფიქრობს, რომ ის ძლიერი კანდიდატია. ყოფილ პრემიერს იმედი აქვს, რომ კამპანიის მსვლელობაში აღმოსავლეთ უკრაინაში მისი პოპულარობა გაიზრდება და ის ქვეყნის როგორც პრორუსი, ასევე პროუკრაინელი მოსახლეობისთვის მისაღები პოლიტიკური ფიგურა გახდება.

უკრაინელი აქტივისტების ნაწილს არ მოსწონს, რომ ტიმოშენკო აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებთან დამოუკიდებელ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათი იმედგაცრუება კიდევ უფრო გაიზარდა, როცა გაიგეს, რომ იქ ტიმოშენკოს პარტიის წევრი, ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიტიკოსი მოკლეს. დაღუპულს სხეულზე წამების კვალი ეტყობა, რაც აძლიერებს იმ ეჭვს, რომ პოლიტიკოსის მკვლელობის მიღმა პრორუსი სეპარატისტები დგანან.

მკვლელობის შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ტურჩინოვი დაიმუქრა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციას განაახლებდა და სეპარატისტებს დაკავებულ სამთავრობო შენობებს ძალისმიერი მეთოდებით დაატოვებინებდა. პრეზიდენტის განცხადებას თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ პრეზიდიუმის სპიკერი, ვლადიმირ მაკოვიჩი გამოეხმაურა. „შენობებს მხოლოდ მას შემდეგ დავტოვებთ, რაც ტურჩინოვი და ყველა სხვა დანარჩენი დატოვებენ იმ შენობებს, რომელიც მათ უკანონო გზით დაიპყრეს“- განაცხადა მან. მაკოვიჩი ამტკიცებს, რომ ისინი სამთავრობო უწყებებში ძალისმიერი გზით არ შეჭრილან, შევიდნენ იმ ნაგებობებში, რომელიც ისედაც მათ ეკუთვნოდა. უკრაინის ახალ ხელისუფლებას კი სპიკერი შეიარაღებულ ამბოხში და ძალადობაში დებს ბრალს.

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 25 მაისს იგეგმება. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, პირველ ადგილს ოლიგარქი, ე.წ. „შოკოლადის მეფე“ პეტრო პოროშენკო ინარჩუნებს. მეორე ადგილზე კი ყოფილი ბოქსიორი, ვიტალი კლიჩკოა. ორივე კანდიდატი პოპულარობით ბევრად უსწრებს იულია ტიმოშენკოს, რომელიც ბოლო გამოკითხვით, სიაში მესამე ადგილზეა.

ვინც არ უნდა მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები, მას მართვა და რეფორმების გატარება უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში მოუწევს. ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს. ეკონომიკის ვარდნა ახალი სოციალური ამბოხის მომასწავებელია. უკრაინის ნაწილი, ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ ანექსირებულია და აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქში სამთავრობო შენობებსაც პრორუსი ამბოხებულები აკონტროლებენ. ვიდრე დროებითი მთავრობის ხელმძღვანელობას გადაიბარებდა, გასულ თვეში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა თავის მთავრობას „კამიკაძეთა ადმინისტრაცია“ უწოდა.
XS
SM
MD
LG