ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიეველები კვლავ აპროტესტებენ


Rada
Rada

უკრაინელ აქტივისტთა განცხადებით, უკრაინის ახლანდელი პარლამენტი კორუმპირებულია

უკრაინის რევოლუცია, რომელიც პრორუსი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომით დამთავრდა , წესით თებერვალში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ოთხი თვის შემდეგ უკრაინელი აქტივისტები აცხადებენ, რომ კიევის ცენტრში ძალადობრივი დაპირისპირება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის ტრანსფორმაციის მხოლოდ დასაწყისი იყო.

დღესდღეობით უკრაინას ევროპასთან დაახლოვებული პრეზიდენტი პეტრო პოროშჩენკო ჰყავს. უკრაინამ ქვეყნის მეთაური მაისში აირჩია და ივნისის დასაწყისში პრეზიდენტმა ფიცი დადო.

თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის შეცვლა მხოლოდ დასაწყისი იყო და მათ ახალი პარლამენტის არჩევა სურთ. აქტივისტების აზრით, ახლანდელი პარლამენტი კორუმპირებულია.

„ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, მაგრამ დღესდღეობით ცვლილებები არ ხდება, მთავრობა გადაწყვეტილებებს ვერ იღებს,“-აცხადებს აქციის ერთერთი მონაწილე.

ირინა შლიატჩენკო თებერვლის გამოსვლებში იღებდა მონაწილეობას, თუმცა მისი მოთხოვნები დღემდე არ შესრულებულა:

„იანუკოვიჩი წავიდა, მაგრამ სასამართლოებსა და ადმინისტრაციებში დღემდე მისი ხალხია თანამდებობებზე.“

კიეველი სტუდენტი ოლეგ მიკეჩუკი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ბევრ რამეს მიაღწიეს და ახლა არჩევნების დრო არ არის.

„ჩვენ პარლამენტის დაშლას ვეწინააღმდეგებით. ახლა ამის დრო არ არის, იმიტომ რომ ქვეყანაში კონფლიქტი გრძელდება და ყველა უკრაინელს არ აქვს საშუალება არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.“

უკრაინა ომის წინაშე დგას. რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და უკრაინა მოსკოვს სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. სეპარატისტებს დაკავებული აქვთ რამდენიმე ქალაქი, რომელთა შორის სლოვიანსკი და დონეცკია.

პარლამენტის რადიკალი წევრის და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის ოლეგ ლიაშკოს განცხადებით, ამომრჩევლებს კვლავ უნდა მიეცეთ შანსი, რათა ის ხელახლა აირჩიონ. ლიაშკოს ასევე ზოგიერთი თავის კოლეგის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს:

„დღეს, როდესაც ჩვენ ჯარისკაცებს კლავენ, პარლამენტარებს არ აქვთ უფლება შვებულებაში გავიდნენ. ასეთები სლავიანსკში უნდა გაუშვა და ჯარისკაცებთან ერთად სანგრები ათხრევინო. ეს იქნება მათთვის საუკეთესო შვებულება.“

კიევის ნაწილი საომარ ზონასავით გამოიყურება, თუმცა ქალაქი ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

ქალაქის მთავრობამ გზებზე ფილების დაგება დაიწყო, რომელიც თავის დროზე აქციის მონაწილეებმა აყარეს, რათა ბარიკადები აეშენებინათ.
XS
SM
MD
LG