ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ეუთოს დამკვირვებლები გაიტაცეს


შეიარაღებულ პირებს ეუთოს წარმომადგენელი მძევლების პრო-რუსულ აქტივისტებზე გაცვლა სურთ

აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ძალების დემონსტრირების მიზნით, ესტონეთში ამერიკული არმიის პარაშუტისტები ჩადიან. ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ რეგიონში სამხედრო თვითმფრინავები და გემები გაგზავნა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დღეს თქვა, რომ სამხედრო ძალების თავმოყრა, რუსეთის „შეკავების“ საჭიროების „პროვოკაციული“ განცხადებების თანხლებით ხდებოდა.

ნატოს მეთაური გენერალი ადრიან ბრედშოუ ირწმუნება, რომ ძალების განლაგება გამართლებულია.

„ჩვენი შეფასებით, ჩვენს მიერ ამჟამად გადადგმული ნაბიჯები, უსაფრთხოების შეცვლილი დინამიკის პროპორციული და შესაბამისია. ამ რეგიონის მიმართ ნატოს ვალდებულებას ის ძალიან ნათლად აჩვენებს.“

რეგიონში სამხედრო ძალებს რუსეთიც ზრდის. ორშაბათს ორი ხომალდი დაბრუნდა ყირიმში განლაგებულ შავი ზღვის ფლოტთან შესაერთებლად. ეს ის რეგიონია, რომელიც გასულ თვეში რუსეთმა უკრაინისგან მიიერთა.

ცივი ომის შემდეგ დაძაბულობის ყველაზე მაღალმა დონემ, ფარული სამხედრო ჩარევის შესახებ ბრალდებები რუსეთისგანაც და დასავლეთისგანაც გამოიწვია.

გასულ კვირაში, ცხელ წერტილად ქცეულ ქალაქ სლავიანსკში, პრო-რუსულმა შეიარაღებულმა პირებმა, შვიდი დამკვირვებელი მოიტაცეს და ნატოს ჯაშუშობა დააბრალეს. დამკვირვებლები ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციას წარმოადგენენ. მათთან ერთად ხუთი უკრაინელი ჯარისკაციც მძევლად არის აყვანილი.

კვირას დამკვირვებლები სატელევიზიო კამერების გამოჩნდნენ. მისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ უკრაინაში ისინი მხოლოდ მკაცრად ეუთოს მანდატის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

ეუთოს მისიის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი აქსელ შნაიდერი ამბობს:

„მე გარკვევით ვაცხადებ, რომ ვენის დოკუმენტის თანახმად, დიპლომატები ქვეყანაში უიარაღოდ შემოდიან. ჩვენ მებრძოლები არ ვართ. ჩვენ უნიფორმიანი დიპლომატები ვართ.“

შეიარაღებულ პირებს ეუთოს წარმომადგენელი მძევლების პრო-რუსულ აქტივისტებზე გაცვლა სურთ, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებას ჰყავს დაკავებული.

მძევლებს შორის სამი გერმანელი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანია.

ბერლინის თავდაცვის მინისტრი ურსულა ვონ დერ ლეიენი ორშაბათს მათი სამხედრო ნაწილის ყაზარმას ესტუმრა. მან თქვა:

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეუთოს ინსპექტორებს ასეთი შემამოწმებელი მისიის დროს აკავებენ. ამიტომაც უფრო მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვერ დაგვაშინებენ და მომავალ მისიებს ეს საფრთხეს ვერ შეუქმნის. ყველაფერი სწორედ რომ პირიქითაა.“

ვენაში დაფუძნებული ეუთო, ცივი ომის დროს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საკონტაქტო არხის დუნქციის შესასრულებლად შეიქმნა.

ბრიტანეთში მომუშავე, პოლიტიკის ანალიზის ორგანიზაციის, „ჰენრი ჯექსონ სოსაითის“ წარმომადგენელი ენდრიუ ფოქსალი ამბობს, რომ სადამკვირვებლო მისიებში ხშირად სამხედროებიც შედიან, მაგრამ მათ მხოლოდ დიპლომატიური როლი აკისრიათ.

„იმისთვის, რომ მოვლენები ადგილზე შეაფასონ, დააკვირდნენ სიტუაციის განვითარებას და შემდეგ, სიტუაციის შესაძლო განვითარების შესაბამისად, ჩამოაყალიბონ რეკომენდაციები და საკითხისადმი მიდგომა.“

ეუთოს 57 წევრს შორის რუსეთიცაა. დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ ყველა მძევლის გასათავისუფლებლად, პრო-რუსულ შეიარაღებულ ჯგუფებზე ზეწოლა რუსეთმა უნდა განახორციელოს.
XS
SM
MD
LG