7 წელი თავისუფლების აღკვეთა და 190 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის გადახდა - ასეთი იყო განაჩენი, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებისთვის სასამართლომ იულია ტიმოშენკოს, უკრაინის ყოფილ პრემიერს, გამოუტანა. საქმე 2009 წელს ბუნებრივი აირის საკითხზე უკრაინა-რუსეთს შორის დადებულ სახელმწიფო ხელშეკრულებას ეხება.
კიევის ცენტრალურ მაგისტრალზე განაჩენის გახმოვანებას დემონსტრანტებს და პოლიციას შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ქერანაწნავიან პრემიერს, როგორც ჩანს, გულშემატკივრები არც ბრიუსელში აკლია. გასულ კვირას ევროპის ოფიციალურმა პირებმა უკრაინის ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ ტიმოშენკოს განაჩენმა შესაძლოა ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობა გაართულოს - ამბობს პოპულარული პოლიტიკური თოქშოუს ავტორი, ევგენი კისილიოვი:
“ევროკავშირმა უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, გააფრთხილა, რომ თუკი ტიმოშენკოს საქმეს შემდგომი მსვლელობა მიეცემა და მას განაჩენს გამოუტანენ, უკრაინას და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადების პროცესი შესაძლოა შეფერხდეს“.
მოლაპარაკება აღნიშნული ხელშეკრულების თაობაზე უკვე 4 წელია მიმდინარეობს. უკრაინას იმედი აქვს, რომ მისი საბოლოო ხელმოწერა წლის ბოლომდე, 2011 წლის დეკემბერში მოხდება. ეს იქნება პირველი ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში გაერთიანების გზაზე. უკანასკნელ ხანს მიმდინარე ფინანსური კრიზისის ფონზე ევროკავშირში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ გაფართოება ძალზე სწრაფად ხდება და ახალი წევრების შერჩევა ფრთხილად უნდა მოხდეს. ტიმოშენკოს საქმის გამო გაფართოების ოპონენტებს ძლიერი კოზირი ეძლევათ.
შვედეთის პრემიერ მინისტრმა -კარლ ბილდტმა- ხაზი გაუსვა, რომ თანამედროვე ევროკავშირში პოლიტიკური სასამართლოს შოუს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. სამშაბათს, განაჩენის გამოტანისთანავე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა, კეტრინ ეშტონმა, ბრიუსელში განაცხადა, რომ ევროკავშირი გამოტანილი ვერდიქტით ძალზე იმედგაცრუებულია.
პარალელურად რუსეთი უკრაინას ახალ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას სთავაზობს, რომელშიც, რა თქმა უნდა, კრემლი დომინირებს. საბაჟო კავშირს თან ბუნებრივ აირზე დიდი ფასდაკლება მოჰყვება და რა თქმა უნდა, რუსეთი უკრაინას დემოკრატიის შესახებ ლექციებსაც არ წაუკითხავს.
ასე რომ უკრაინას, რუსეთის შემდეგ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე დიდ სახელმწიფოს, მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. რომელიც საკმაოდ მარტივი ფორმულირებით შეიძლება ასე გამოიხატოს: რუსეთი თუ ევროკავშირი?
ქვეყნის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ უკრაინას ევროკავშირთან ურთიერთობა იულია ტიმოშენკოს საქმის გამო საგრძნობლად გართულდება.
ვიქტორ ჩუმაკი კიევში უკრაინის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელია.
ბატონი ჩუმაკის თქმით თუკი ამის სურვილი იქნა, უკრაინული რადა სწრაფი წესით მიიღებს შესწორებას კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც ტიმოშენკოს ბრალეულობის ერთგვარი „დეკრიმინალიზება“ მოხდება, ანუ უფლებამოსილებათა გადამეტების მუხლი შეიცვლება დარღვევის სტატუსით, რაც თავისუფლების აღკვეთით არ ისჯება. ამას გარდა ე. წ. „დამრღვევებს“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ. როგორც ხედავთ, იანუკოვიჩის მომხრეებს რადაში ძალიან იოლად შეუძლიათ ამ ფაქტის გამო შექმნილი რეზონანსის გაბათილება. ოღონდ მათ უნდა იჩქარონ, რადგან პარლამენტის შემდეგი სხდომა 18 ოქტომბერს არის დანიშნული. პრეზიდენტს კი ევროკავშირში 20 ოქტომბერს ელიან - აღნიშნავს პოლიტოლოგი.
ვარაუდს სცენარის ამგვარი განვითარების შესახებ პრეზიდენტის სამშაბათის გამოსვლაც ამყარებს. ბატონმა იანუკოვიჩმა ტიმოშენკოს საკითხზე დიდი ხნის დუმილი როგორც იქნა დაარღვია და სასამართლო განაჩენის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ „ის, რაც სასამართლოში მოხდა, ძალზე დასანანია და ეს ფაქტი უკრაინის ევროპასთან ინტეგრაციას დააბრკოლებს“. ბატონმა იანუკოვიჩმა ისიც დაამატა, რომ მთავრობა უკრაინის კრიმინალური კოდექსის განახლებაზე მუშაობს.
პოლიტიკური ჟურნალისტი, ევგენი კისილიოვი, ამბობს, რომ პრეზიდენტი დუმას საკმარისად აკონტროლებს და სურვილის შემთხვევაში შესაძლოა ყველაფერი პროცედურულად 20 ოქტომბრამდე მოგვარდეს. „მათ ყოველთვის შეუძლიათ ერთ დღეში კანონის განხილვა და დამტკიცება. პრეზიდენტიც იმავე დღეს მოაწერს ხელს“ - აღნიშნა მან.
ტიმოშენკოს მხარდამჭერებმა დუმაში განაჩენის გამოტანისთანავე აღნიშნეს, რომ ამით ხელშეკრულება უკრაინას და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ ჩაიშალა. რუსეთშიც ანალიტიკოსებმა იჩქარეს განეცხადებინათ, რომ სასამართლოს განაჩენმა უკრაინას მართალია ევროპის კარი დაუხურა, მაგრამ სამაგიეროდ რუსეთის კარი გაუღო.
თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ეს ორი ქვეყნის პარლამენტარებს სურთ რომ წარმოაჩინონ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უფრო ფრთხილ განცხადებებს აკეთებს.
სამინისტროს პრესმდივნის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის გამოსვლაში საუბარი იყო აშკარა ანტირუსულ განწყობაზე, რომელიც მთელ ტიმოშენკოს საქმეს წითელ ზოლად გასდევდა. კრემლი შიშობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი გახმაურებულ სასამართლო საქმეს ბუნებრივ აირზე სწორედ იმ ხელშეკრულების ჩასაშლელად გამოიყენებს, რომელიც ტიმოშენკოს პრემიერობის დროს დაიდო.
პოლიტოლოგ ჩუმაკსაც მიაჩნია, რომ რუსეთი სამართლიანად ფრთხილობს. ევროკავშირს და რუსეთს შორის გზის გასაყარზე მყოფი უკრაინა სავარაუდოდ ევროპას ამოირჩევს. „სამოცი - ორმოცზე, დაახლოებით ასე წარმომიდგენია ევროკავშირის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების შანსი“ - ამბობს ის.
ვის დარჩება უკრაინა, დასავლეთს, თუ რუსეთს, ამას სულ რამდენიმე კვირაში შევიტყობთ.