ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი "ნამდვილი" მოლაპარაკებისთვის მზადაა


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ქვეყანა რუსეთთან "ნამდვილი" მოლაპარაკებისთვის მზად არის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გლობალურ კლიმატურ სამიტზე, სამშაბათს დაგეგმილი მიმართვის წინ გააკეთა, რომელზეც მთელი მსოფლიოს ლიდერები იყრიან თავს.

მოსკოვთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუკი უკრაინის საზღვრები აღდგება, რუსეთის თავდასხმის და იერიშების მსხვერპლს დანაკლისს აუნაზღაურებენ და იქნება დამნაშავეთა პასუხისმგებლობის დაყენების მცდელობა - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის კომენტარამდე, "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებს სურდა, სამშვიდობო მოლაპარაკებაში უკრაინას მზაობა ეჩვენებინა. ამერიკული გამოცემის ცნობით, ეს კიევისადმი საერთაშორისო მხარდაჭერას განამტკიცებდა.

"მთავარი წინაპირობა" მსგავსი მოლაპარაკებების გასამართად, "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა" იქნება - აცხადებს ოლექსი დანილოვი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი. ის ასევე თვლის, რომ საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით რაიმე სახის "გარანტია", თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების, თვითმფრინავების, ტანკების და გრძელრადიუსიანი რაკეტების სახით.

ამუნიცია, ბირთვული შეიარაღება

ჩრდილოეთ კორეამ სამშაბათს უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელების მიზნით, საარტილერიო ჭურვებით და ამუნიციით ეხმარება. ცნობა ამის თაობაზე ახლახან შეერთებული შტატების დაზვერვამ გაავრცელა. ვაშინგტონი იუწყებოდა, რომ მოსკოვმა ფხენიანს რაკეტების და საარტილერიო ჭურვების შესაძენად მიმართა.

მსოფლიოსგან უმეტესად იზოლაციაში მყოფი ჩრდილოეთ კორეა სხვადასხვა სახის შეიარაღებას ცდის. ფხენიანი იმუქრება, რომ მას აქვს შესაძლებლობა "დაუნდობელი" იერიში მიიტანოს სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების სამიზნეებზე.

რუსულ მედიაში, 8 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსკოვი ვაშინგტონთან დისკუსიაშია ჩართული, რომელიც სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების საკითხებს ეძღვნება. გაზეთი "კომერსანტი" წერს, რომ მათი ცნობა ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ 4 წყაროსთან საუბარს ეფუძნება, და რომ დისკუსია, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკას და რუსეთს შორის, "ახალი სტარტის" შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეჩერებულია. მოლაპარაკების მიზანი ბირთვული არსენალის შემცირებაა.

უკრაინის თავდაცვა

ორშაბათს უკრაინამ მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველი ნაკადი მიიღო. საუბარია „ნასამების“ და "ასპიდის" სისტემებზე, რომელთაც უკრაინა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევებისგან თავდასაცავად გამოიყენებს.

"ეს შეიარაღება მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის ჯარს და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის. ჩვენ გავაგრძელებთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას... მადლობა ჩვენს პარტნიორებს: ნორვეგიას, ესპანეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს“ - დაწერა "ტვიტერზე" უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, გასულ თვეში თქვა, რომ ვაშინგტონი აჩქარებს "ნასამების" უკრაინისთვის მიწოდებას. საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემების კიევში გაგზავნის დაჩქარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემებზე მასობრივი იერიშები მიიტანა.

ამასობაში, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სამშაბათს გავრცელებული ცნობით, რუსეთმა ოკუპირებულ მარიუპოლში, რომელიც უკრაინის სამხრეთში მდებარეობს, თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა დაიწყო. ორ საწარმოში მიმდინარეობს "რკინა-ბეტონის პირამიდული ტანკსაწინააღმდეგო სტრუქტურების მომზადება, რომლებიც "დრაკონის კბილების" სახელითაა ცნობილი" - აცხადებს ლონდონი "ტვიტერზე" გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG