ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რა მიმართულებით განვითარდება უკრაინა?“


„რა მიმართულებით განვითარდება უკრაინა?“
„რა მიმართულებით განვითარდება უკრაინა?“

შეხვედრა სათაურით „რა მიმართულებით განვითარდება უკრაინა?“ გახსნა კარნეგის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ მეთიუ როჯანსკიმ. თავის წინასიტყვაობაში როჯანსკიმ ჩამოთვალა ის პრიორიტეტული საკითხები, რომლებსაც ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებში ყურადღება უნდა დაეთმოს. მათ შორის მან კერძოდ გამოყო უკრაინის ეგრეთწოდებული ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, ამერიკა-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მიმართულება, და კიევის საგარეო პოლიტიკის მოკლე და საშუალოვადიანი ამოცანების განსაზღვრა.

თავის გამოსვლაში შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტთან არსებული პოსტ-კონფლიქტური მშვიდობისა და სტაბილურობის ოპერაციების ცენტრის ვიცე პრეზიდენტმა და ამერიკის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში ბატონმა ვილიამ ტეილორმა აღნიშნა, რომ მას ადარდებს, რომ ვაშინგტონი ამერიკა-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას არ აქცევს იმ ყურადღებას, რომელსაც ის ნამდვილად იმსახურებს.

„ეს პარტნიორობა მხოლოდ იმდენ ხანს გასტანს რამდენსაც, ჩემი აზრით, ორივე მხარე საერთო ამოცანებს იზიარებს. შეერთებული შტატების პასუხისმგებლობა იმ ამოცანების მიმართ, რომელიც წინა ადმინისტრაციის მიერ გაფორმებულ სტრატეგიულ ჩარჩო ხელშეკრულებაში ჩაიწერა, კვლავინდებურად ძალაში რჩება. გარკვეული თვალსაზრისით კიევმა ამ ბოლო დროს ხსენებული ამოცანები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ჩვენ ყველანი გავხდით მოწმენი იმისა თუ როგორ ჩატარდა იქ ცოტა ხნის წინ ადგილობრივი არჩევნები. არჩევნების შედეგები ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში შემაშფოთებელია რადგან სახეზეა ნაკლებად პასუხისმგებელი და უფრო ექსტრემისტული ელემენტების მომძლავრება,“ აღნიშნა ტეილორმა.

ტეილორს მიაჩნია, რომ შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებმა უკრაინის მიმართ ამერიკის პოლიტიკაზე რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა. მისი აზრით, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის არსებულ დაპირისპირებაში უკრაინის საკითხი არანაირად არ ფიგურირებს. ორივე პარტია ძლიერ, დამოუკიდებელ და სუვერენულ უკრაინას ემხრობა.

უკრაინის ეგრეთწოდებული ნეიტრალიტეტის იდეასთან დაკავშირებით ტეილორმა აღნიშნა:

„რამდენად ხელსაყრელია ნეიტრალიტეტის გამოცხადება უკრაინისთვის და რამდენად შესაძლებელია ის? უწინარეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ეს თავად უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ. ნეიტრალიტეტის გამოცხადებას გარკვეული პოლიტიკური საფასური მოჰყვება, როგორც ეს უკვე მრავალჯერ ითქვა. აქ ლაპარაკია დიდ და სტრატეგიულად განლაგებულ ქვეყანაზე. ეს არ არის შვეიცარია ან ავსტრია. ეს არის დიდი ქვეყანა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მას მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალი და სტრატეგიული რესურსები გააჩნია. ამ სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით მილსადენები გადის. ნატოს ალიანსმა რამდენიმეჯერ დაადასტურა, რომ უკრაინას ალიანსში გაწევრიანება შეუძლია, რომ მისთვის წევრობის კარი ღია რჩება.“

ტეილორის გამოსვლის შემდეგ დისკუსიაში უკრაინიდან ვიდეოხიდის მეშვეობით ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ოლექსანდრ ზადოროჟნი ჩაერთო. მან კერძოდ აღნიშნა, რომ შეშფოთებას იწვევს ის სახალხო მღელვარება, რომელიც იანუკოვიჩის მთავრობის მიერ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანამ გამოიწვია.

„ამჟამად პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაცია და ინტეგრაცია მიმდინარეობს. ჩვენ პოლიტიკური ძალაუფლების ახალი კონფიგურაციის ფორმირების მოწმენი ვხდებით. აქ მე კერძოდ იმას ვგულისხმობ, რომ პრეზიდენტს პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, რომელიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს ემხრობა. ეს კი უკრაინის საგარეო პოლიტიკაში უნიკალურ მდგომარეობას ქმნის. მაგალითად ის, რომ მთავრობასა და პარლამენტს პრეზიდენტის დაპირებების სწრაფი შესრულება შეუძლია, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ უკრაინა წინათ გადადებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სწრაფად შესრულებს. აგრეთვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაირკვა, რომ მოსახლეობა მმართველ კოალიციას ენდობა, რაც მას დამატებით ვალდებულებებს აკისრებს. ვფიქრობ ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების ერთობლიობა გვაძლევს იმის შანსს, რომ ჩვენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში უფრო ბევრ შედეგს მივაღწიოთ,“ დასძინა ზადოროჟნიმ.

XS
SM
MD
LG