ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის გეზი და დასავლეთის დამოკიდებულება


უკრაინის გეზი და დასავლეთის დამოკიდებულება
უკრაინის გეზი და დასავლეთის დამოკიდებულება

ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტში სამშაბათს გაიმართა ერთდღიანი კონფერენცია სათაურით "უკრაინის გეზი და დასავლეთის დამოკიდებულება"

კონფერენციას უძღვებოდა ბრუკინგსის ინსტიტუტთან არსებული შეერთებული შტატებისა და ევროპის ცენტრის დირექტორი ქალბატონი ფიონა ჰილი და ამავე დაწესებულების საგარეო პოლიტიკის პროგრამის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ბატონი სტივენ პაიფერი.

კონფერენცია გახსნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების დირექტორმა ევგენ ბურკატმა. თავის გამოსვლაში მან კერძოდ აღნიშნა, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური, სამართლებრივი და საარჩევნო რეფორმების ჩატარების დრო დიდი ხანია რაც მომწიფდა და მხოლოდ პრეზიდენტის პოლიტიკური ნებით აღჭურვილი პროფესიონალი ექსპერტების ჯგუფს შეუძლია ამ გადაუდებელი რეფორმების განხორციელება.

„უკრაინის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცება და კანონის უზენაესობა პრეზიდენტის მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს. აზრის გამოხატვის თავისუფლება ისევე როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მხარდაჭერა პრეზიდენტის პოლიტიკური განრიგის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ამ მხრივ მე მინდა აღვნინშო პრეზიდენტის ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება უკრაინის კონსტიტუციით არის დაცული. ჟურნალისტთა საქმიანობაში ჩარევა მათ გასამართლებამდე ყოვლად მიუღებელია, რაც ხსენებული საკითხების მნიშვნელობაზე მეტყველებს როგორც პრეზიდენტისთვის ისე ზოგადად უკრაინული საზოგადოებისთვის,“ აღნიშნა ევგენ ბურკატმა.

რაც შეეხება უკრაინის პრიორიტეტებს საგარეო პოლიტიკის სფეროში, ბატონმა ბურკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის აღქმა იმისა, თუ რას წარმოადგენს უკრაინის ეროვნული ინტერესები, უწინარეს ყოვლისა რეალობის პრაგმატულ გაგებას ეფუძნება. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა:

„საგარეო პოლიტიკის სფეროში უკრაინის მთავარ პრიორიტეტებს შორის მე დავასახელებდი ევროპასთან ინტეგრაციას და შეერთებულ შტატებსა და რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას. ჩვენ დაინტერესებულები ვართ რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების გადატვირთვაში და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცესი სარგებლობას მოუტანს როგორც უკრაინას ისევე მთელს რეგიონს. რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური და ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების განვითარება, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. უკრაინა რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვამს და რუსეთ-უკრაინული ურთიერთობების გაუმჯობესება უდავოდ გაზრდის სტაბილურობას როგორც რეგიონში ისევე მთელს მსოფლიოში.“

დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარმომადგენელმა ქალბატონმა ნადია დიუკმა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება. მან მიმოიხილა ცოტა ხნის წინ უკრაინაში დასრულებული ვიზიტის შედეგები. დიუკის თქმით, უკრაინული ოპოზიციის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრების საფუძველზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინაში რეგრესიული ტენდენციები დაიწყო. ამის ერთი მაგალითია ის, რომ მთავრობაში ძირითადად პრეზიდენტ კუჩმას დროინდელი ოფიციალური პირები დაინიშნა. დიუკი აღნიშნავს:

„ამას გარდა განსაკუთრებით შემაშფოთებელია რამდენიმე კვირის წინ პრემიერ მინისტრ აზაროვის განცხადება ქვეყანაში ‘ძალაუფლების ვერტიკალის’ აგების შესახებ. უკრაინაში ამ ფრაზის გაგება საკამოდ უჩვეულოდ ჟღერს. ხოლო უკრაინის პარლამენტში, ჩემი საუბრების საფუძველზე, აქტიურად მიმდინარეობს ოპოზიციონერი პარლამენტარების გადაბირება ქრთამების მეოხებით. თითოეულ დეპუტატს ჯერ ერთ მილიონ დოლარს სთავაზობენ და მერე ყოველთვიურად 25,000 დოლარის გადახდას. ამის მთავარ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ 300 მართვადი პარლამენტარის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, მაგრამ მოკლევადიან ისევე როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში მე ეს ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება.“

სასამართლო სისტემაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარედ დონბასელი დაინიშნა, რასაც უკრაინაში აღიქვამენ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოზე კონტროლის დაწესებისა და უზენაესი სასამართლოს იზოლაციის მცდელობად. აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ 2004 წელს სწორედ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ უზრუნველყო ვიქტორ იუშჩენკოს გამარჯვება.

ნადია დიუკმა ამგვარად შეაფასა ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები:

„რამდენიმე ინციდენტით თუ ვიმსჯელებთ, ეს-ბე-უ-ს ანუ უკრაინის უშიშროების სამსახურს კვლავინდებურად იყენებენ ოპოზიციის პოტენციურ წყაროეზე მეთვალყურეობისა და მათი შეწუხების მიზნით. ამ კონტექსტში მე მინდა ვახსენო ეს-ბე-უ-ს უფროსის საკმაოდ სადავო როლი რადგან ამ თანამდებობის გარდა იგი უკრაინაში ერთ-ერთ უმსხვილეს სატელევიზიო არხს ‘ინტერს’ ხელმძღვანელობს. მართალია აზრის გამოხატვის თავისუფლება კვლავინდებურად დაცულია უკრაინაში, მაგრამ საპროტესტო აქციები იმაზე მეტყველებს, რომ ჟურნალისტები და რედაქტორები მზარდ ზეწოლას განიცდიან."

XS
SM
MD
LG