ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში არჩევნები ახლოვდება


რა მოლოდინია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ?

„დემოკრატიულ ინიციატივათა ფონდის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, თავად უკრაინელები საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დიდი ოპტიმიზმით არ გამოირჩევიან. გამოკითხულთა მხოლოდ 9 პროცენტს სჯერა, რომ არჩევნები სამართლიანი იქნება. ზოგიერთ გამოკითხვაში, 47 პროცენტი აცხადებს, რომ არჩევნები „სავარაუდოდ“ ან „ნამდვილად“ გაყალბდება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულე მიესალმნენ უკრაინის პირობას არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების შესახებ. ევროკავშირი აცხადებს, რომ 28 ოქტომბერს დანიშნული არჩვნები ერთგვარი ლაკმუსის ტესტი იქნება, რომელიც უკრაინაში დემოკრატიის განვითარების ხარისხს გამოამჟღავნებს. შეერთებული შტატები და ევროკავშირი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს ყველა პარტიას და კანდიდატს ერთნაირი შანსი მისცეს.

„ფრიდომ ჰაუზის“ პრეზიდენტი, დევიდ კრამერი „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტ იანუკოვიჩის და მისი მთავრობისთვის ეს ერთგვარი გამოცდა იქნება. უკრაინის შესახებ დასავლეთში ერთი აზრია: ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. „ფრიდომ ჰაუზმა“ რეიტინგში უკრაინა დაბლა დაწია და ის ამჟამად ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორის იმყოფება. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ უკრაინა იუშჩენკოს დროს იდეალურ მდგომარეობაში იყო, თუმცა, იმის დანახვაც არ შეიძლება, რომ იანუკოვიჩმა დემოკრატიის ბევრ მონაპოვარზე უარი თქვა და ქვეყანა წინსვლის მაგიერ უკან დახია,“ - აცხადებს „ფრიდომ ჰაუზის“ პრეზიდენტი და დასძენს, რომ თუკი არჩევნები კარგად ჩატარდება, ეს ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრირებას შეუწყობს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინის იზოლაცია გაგრძელდება და ეს პასუხისმგებლობა მთლიანად ახლანდელ ხელისუფლებას დაეკისრება.

პოლიტოლოგების აზრით, ბოლო ორწლინახევრის მანძილზე უკრაინაში დემოკრატიული პროცესების რეგრესი სახეზეა. ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეები ითვლება. ევროკავშირის ოფიციალური პირები შეშფოთებას „პლურალიზმის ნაკლებობის“ გამოც გამოთქვამენ, რაც უკრაინულ მედიაში განსაკუთრებით თვალშისაცემია. ისინი კიევს წინასაარჩევნო კამპანიის უფრო ბალანსირებული გაშუქებისკენ მოუწოდებენ.

კანონმდებლობის მხრივ, უკრაინას ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში არჩევნები მინიმალური დარღვევებით ჩატარდეს, - აღნიშნავს შეერთებული შტატების ფედერალური მოსამართლე, წამოშობით უკრაინელი, ბოგდან ფუტე.

ჩვენ მოველით, რომ უკრაინა საერთაშორისო სტანდარტებს დაიცავს. ამისათვის ყველა ატრიბუტი ადგილზეა. ისინი მხოლოდ საკუთარი კონსტიტუციის ერთგულები უნდა დარჩნენ, დაიცვან საარჩევნო კანონი, მიჰყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს და ადმინისტრაციულ კოდექსს. უკრაინის ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი წინასაარჩევნო პროცესები შეცვალოს და ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტი გახდეს,“ - ამბობს ამერიკელი მოსამართლე.

ბოგდან ფუტე იმასაც აღნიშნავს, რომ მართალია ის პიროვნულად ოპტიმიზმს ინარჩუნებს, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ამის საფუძველს არ იძლევა. თუ გადავხედავთ ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის ანგარიშებს, ან უკრაინული მსოფლიო კონგრესის მონაცემებს, უკრაინა-კანდის კონგრესის ან სხვა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშს, დავრწმუნდებით, რომ წინასაარჩევნო კამპანია უამრავი დარღვევით მიმდინარეობს, - ამბობს ის და მაგალითად ასახელებს პრობლემებს მედიაში, სასამართლოს პროცედურულ თუ კანდიდატთა რეგისტრაციაში მომხდარ დარღვევებს და ასე შემდეგ.

არჩევნები ღრმა კვალს დაატყობს ორივეს: უკრაინა-ევროკავშირის და უკრაინა-ამერიკის ურთიერთობებს. ჩვენ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ბევრ სხვა ორგანიზაციასთან ერთად ქვეყანაში მონიტორებს მივავლენთ და პროცესებს ადგილზე დავაკვირდებით. უკრაინამ უნდა იცოდეს, რომ ამ არჩევნების მსვლელობას და ხმის დათვლის პროცესებს ევროპა დიდი გულისყურით ადევნებს თვალს,“ - აცხადებს სტივენ ნიკსი, ევრაზიის დეპარტემენტის დირექტორი საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინაში მიმდინარე არჩევნების შესახებ დასავლეთი აცხადებს, რომ ეს არჩევნები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. და მაინც, ყოველ ჯერზე ეს სიმართლეა, - ამბობს სტივენ ნიკსი. პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები იზიარებენ იმ შეხედულებას, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებზე უკრაინელი ხალხი არამარტო ახალ პარლამენტარებს აირჩევს, არამედ ქვეყნის ბედსაც გადაწყვეტს. არჩევნებზე გაირკვევა, თუ სად და რა გზით სურს უკრაინას განვითარება - ევროპაში, დემოკრატიის გზით თუ მისგან იზოლირებულად.
XS
SM
MD
LG