ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეპარატისტებმა 14 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სეპარატისტები დონეცკის რაიონში მდებარე საგუშაგოს დაესხნენ თავს

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით, დონეცკის რეგიონში პრორუს სეპარატისტებს და უკრაინის ძალებს შორის შეტაკების შედეგად 13 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 17 დაიჭრა. ალექსანდრე ტურჩინოვის თქმით, ჯარისკაცებმა „საკუთარი სიცოცხლე უკრაინას შესწირეს“. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წუხელ სეპარატისტები დონეცკის რაიონში მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. მოიერიშეებმა ცეცხლსასროლი იარაღი, ყუმბარმტყორცნები და სარაკეტო დანადგარები გამოიყენეს. კიდევ ერთი ჯარიკაცი დაიღუპა და 2 დაიჭრა ლუგანსკის რაიონში მომხდარ თავდასხმაში.

მოქმედი პრემიერ-მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სესიის ჩატარებისკენ მოუწოდებს, რომელზეც ბოლოდროინდელი ძალადობის განხილვა უნდა მოხდეს. არსენი იაცენიუკი რუსეთს კონფლიქტის ესკალაციის და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობაში დებს ბრალს. მოსკოვი, თავის მხრივ, კიევს აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის დაძლევის უუნარობაში და ძალის გამოყენებაში დებს ბრალს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინის საზღვარი ჯარისკაცებით სავსე 20-მა მატარებელმა და 15-მა თვითმფრინავმა დატოვა.

ნატოს გენერალური მდივნის -ანდერს ფოგ რასმუსენის- მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსული არმიის ქვედანაყოფებში რამდენიმე გადაადგილება დაფიქსირდა. რასმუსენის თქმით, ეს „შესაძლოა ზოგიერთი საჯარისო ნაწილის მიერ ადგილის დატოვებისთვის სამზადისზე მიანიშნებდეს“. დასავლეთი უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ ათობით ათასი ჯარისკაცის განლაგებას აპროტესტებს და შიშობს, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს.
XS
SM
MD
LG