ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში ინფლაციამ 11.1 %-ს მიაღწია


ოქტომბერში, ბრიტანეთში ინფლაციის დონემ ბოლო 41 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და გაამძაფრა მთავრობის მიმართ მოთხოვნები, მეტი გაკეთდეს ქვეყანაში ცხოვრების ღირებულების კრიზისის შესამსუბუქებლად. ხუთშაბათს მთავრობამ ახალი საგადასახადო და ხარჯვითი ნაწილის გეგმები უნდა გამოაქვეყნოს.

ეროვნული სტატისტიკის ოფისის ცნობით, სამომხმარებლო ფასები 12 თვის განმავლობაში, ოქტომბრის ჩათვლით, 11.1 პროცენტით გაიზარდა. სექტემბერში ეს ციფრი 10.1 პროცენტს შეადგენდა. ახალი ციფრი ბევრად აჭარბებს ეკონომისტების პროგნოზს, ისინი ინფლაციის ზრდას 10.7 პროცენტამდე ვარაუდობდნენ.

სტატისტიკის ოფისმა განაცხადა, რომ სურსათზე და ენერგიაზე გაზრდილმა ფასებმა ბრიტანეთის ინფლაციის დონე 1981 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე მიიყვანა. ეს დონე აჭარბებს 10.7 პროცენტიან დონეს 19 ევროპულ ქვეყნაში, სადაც მიმოქცევაში ფულადი ერთეული ევროა, ასევე ამერიკის ინფლაციის დონეს, რომელმაც ოქტომბერში კლება დაიწყო და 7.7 პროცენტიან ნიშნულზეა.

მთელ მსოფლიოში მთავრობები და ცენტრალური ბანკები ცდილობენ ფართოდ გავრცელებული ინფლაციის შეკავებას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ეკონომიკის გამოცოცხლებასთან ერთად დაჩქარდა და მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ბუნებრივი გაზით, ნავთობით, მარცვლეულით და საკვები ზეთით მომარაგება შეზღუდა. პოლიტიკოსები ამ გარეგან რყევებთან ბრძოლაში გამორჩეულ წარმატებას ვერ აღწევენ, ფასების ზრდის ტენდენცია კი მყარდება, რადგან მწარმოებლებს გაზრდილი ღირებულების ტვირთი მომხმარებლებზე გადააქვთ და დასაქმებულები კი გაზრდილ ხელფასებს ითხოვენ. ეს თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდისთვის უფრო ხანგრძლივი საფრთხეა.

ინგლისის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ერთმანეთის მიყოლებით რვაჯერ გაზარდა და მისი საკვანძო დონე 3 %-მდე აწია. პოლიტიკოსები კი ცდილობენ ინფლაცია საკუთარ სამიზნე 2 პროცენტზე დააბრუნონ.

საპროცენტო განაკვეთებს ევროპული და ამერიკის ცენტრალური ბანკებიც აგრესიულად ზრდიდნენ, თუმცა მოსალოდნელია, რომ ფედერალური რეზერვი მომავალში ამას "შეარბილებს". ეს მას შემდეგ, რაც ინფლაციის დონე 8.2 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე შემცირდა.

XS
SM
MD
LG