ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში მეორე ამერიკელი დაიღუპა


შეერთებული შტატების საინფორმაციო წყაროების ცნობით, უკრაინაში მოკლულია ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქე. ინფორმაცია, რომელსაც წამყვანი ტელემაუწყებლები ავრცელებენ, "ვაშინგტონ პოსტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაუდასტურა.

52 წლის სტივენ ზაბიელსკი რიგით მეორე ამერიკელია, რომელიც 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს შეეწირა. ტელეკომპანია "ფოქსის" ცნობით, ის 15 მაისს სოფელ დოროჟნიანკასთან, ზაპოროჟიის რაიონში მიმდინარე ბრძოლაში დაიღუპა.

ზაბიელსკი ფლორიდის შტატის ქ. ჰერნანდოში ცხოვრობდა. ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებული ნეკროლოგის მიხედვით, ბოლო 30 წლის მანძილზე ის მშენებლად მუშაობდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ინფორმაციას მის დაღუპვასთან დაკავშირებით, ან იმაზე, თუ სად არის ახლა მისი ცხედარი, არ ავრცელებს.

მანამდე, აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში დაიღუპა ამერიკელი მეომარი ვილი ჯოზეფ კანსელი. 22 წლის ვეტერანი საზღვაო ქვეითი იყო, რომელიც მოხალისედ ომის დაწყებისთანავე ჩაეწერა და უკრაინაში 12 მარტს გაფრინდა.

უკრაინაში საბრძოლველად ასობით უცხოელი მეომარია ჩასული. ნაწილი წვრთნებს ატარებს, უმეტესობა კი რუსეთის წინააღმდეგ უშუალო ბრძოლებშია ჩართული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG