ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ზაპორიჟიის ატომური სადგურის დახურვას მოითხოვს


ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსების მიერ ოკუპირებული ზაპორიჟიის ატომური სადგურის "კონტროლირებადი დახურვა" უნდა მოხდეს. ამერიკის თქმით, უკრაინისთვის ეს "ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი" იქნება. შეერთებულმა შტატებმა ასევე მოუწოდა რუსეთს, რომ ატომური სადგურის ირგვლივ არსებული ტერიტორიის დემილიტარიზება მოახდინოს, რადგან იზრდება რადიაციული გაჟონვის შესაძლებლობა. ზაპორიჟიის სადგური უკრაინის ენერგოსაჭიროების მეხუთედს აკმაყოფილებს.

"როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვით, ატომური სადგური არ არის საბრძოლო ოპერაციებისთვის შესაბამისი ადგილი", - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმაეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ.

"ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ ზაპორიჟიის ატომური რეაქტორების კონტროლირებადი დახურვა იქნება ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებად სარისკო ახლო მომავალში",- თქვა კირბიმ.

29 აგვისტოს, კიევში გაეროს ატომური უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. თუმცა, ჯერ უცნობია დაუშვებენ თუ არა რუსი სამხედროები მათ ზაპორიჟიის ატომურ სადგურზე.

"ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს" ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, "დადგა დღე", როდესაც სააგენტოს გუნდი "გზაშია", რათა ატომური სადგურის უსაფრთხოება შეამოწმოს. თუმცა, ცნობები იმის შესახებ დაუშვეს თუ არა ექსპერტთა ჯგუფი ზაპორიჟიის ატომურ სადგურზე, ჯერ არ გავრცელებულა. ბოლო განცხადება კი გროსიმ თავისი "ტვიტერის" გვერდზე გუშინ, 29 აგვისტოს გააკეთა. ამის შემდეგ არც გროსის და არც მისი გუნდის წევრებს არ დაუკონკრეტებიათ, როდის ჩავლენ ისინი ზაპორიჟიაში. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი მისიის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე "უსაფრთხოების მიზნით" უარს ამბობს.

ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური, რომელიც უდიდესია ევროპაში, ომის პირველი პერიოდიდანვე რუსების კონტროლის ქვეშაა. იქ მუშაობას უკრაინელი ინჯინრები განაგრძობენ, თუმცა რუსი სამხედროები არაერთი მოწოდების მიუხედავად ტერიტორიას არ ტოვებენ. სადგურის მიმდებარედ სახიფათო საბრძოლო მოქმედებებში და საჰაერო იერიშებში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG