ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტვიტერი" ელონ მასკის $43-მილიარდიან შეთავაზებას დათანხმდება


ელონ მასკი, "ტესლას", "სპეის-იქსის" და რამდენიმე სხვა კომპანიის მფლობელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი

სოციალური მედიის ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმა "ტვიტერი" აპირებს დათანხმდეს მილიარდერი ელონ მასკის "საუკეთესო და საბოლოო" წინადადებას. მასკი კომპანიის შეძენას ნაღდი ფულით, დაახლოებით $43 მილიარდად გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო "როიტერს" საქმეში ჩახედული კონფიდენციალური წყაროები უდასტურებენ, რომლებსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურთ.

დღეს "ტვიტერის" მმართველთა საბჭო მოგვიანებით შეიკრიბება და დიდი ალბათობით, აქციების მფლობელებს მათ გაყიდვას $54.20-ად ურჩევს. თუმცა, იმავე წყაროების ცნობით, ბოლო მომენტში შეთანხმების ჩაშლა გამორიცხული არ არის.

გამოცემა "ფორბსის" თანახმად, 50 წლის ელონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. "ტესლას", "სპეის-იქსის" და კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელი, "ტვიტერის" შესყიდვას პირადად გეგმავს. მისი კომპანიები მოლაპარაკებაში ჩართული არ არიან.

მასკი ამბობს, რომ სურს სოციალური მედიის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმაზე ტროლებთან ბრძოლაში ჩაერთოს და ორგანიზაციის მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს. ცვლილებებს შორის, რეკლამების აკრძალვაც სახელდება.

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, არც ელონ მასკის პრეს-ოფისი და არც სოციალური ქსელი "ტვიტერი" განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებს. "ტვიტერის" აქციების ფასმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გაყიდვის წინ 4.5%-ით მოიმატა და ახლა მათი საცალო ღირებულება $51.15-ს შეადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG