ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტვიტერმა" დეზინფორმაციის გამო ჟურნალისტი დროებით დაბლოკა


სოციალურმა ქსელმა "ტვიტერმა", საინფორმაციო ვებგვერდ "ნიუსმაქსის" თეთრი სახლის კორესპონდენტი, ემერალდ რობინსონი, დროებით დაბლოკა. ამის მიზეზი კოვიდ-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის საწინააღმდეგო წესების დარღვევაა.

სოციალური მედიის კომპანიამ აქამდეც დაბლოკა რობინსონი. ერთკვირიანი აკრძალვა მას იმის გამო ჰქონდა, რომ „ქრისტიანებისთვის“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა, თითქოს, COVID-19-ის ვაქცინები შეიცავდა ბიოლუმინესცენტურ მარკერს, სახელად ლუციფერაზას, რომელიც საშუალებას აძლევდა ადამიანებს თვალყური ედევნებინათ ვაქცინირებულებისთვის.

ბოლო ინცინდენტის შემდეგ, რობინსონი "ტვიტერზე" დაბრუნდა. მან დაწერა, რომ ისევ ჰქონდა წვდომა თავის გვერდზე და კვლავ გააზიარა სტატია არარსებული მარკერების შესახებ. ამის შემდეგ, "ტვიტერმა" ის განმეორებით დაბლოკა.

"ნიუსმაქსმა" რობინსონი ეთერიდან მოხსნა და გამოძიებას ატარებს. "ნიუსმაქსში" ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ვაქცინაციას და თავიანთ მაყურებლებს მოუწოდებენ, აიცრან. ისინი ასევე ამბობენ, რომ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაუბრუნდება ეკრანებს რობინსონი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG