ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წერეთელი: ხელისუფლება გავიდა კანონის ყველანაირი ჩარჩოებიდან


"ხელისუფლება გავიდა კანონის ყველანაირი ჩარჩოებიდან,"- ამბობს ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი და მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს დროული რეაგირებისკენ. წერეთელმა ტელეკომპანიების თანამშრომლებთან ერთად საგანგებო განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

„დღეს ხელისუფლება გავიდა კანონის ყველანაირი ჩარჩოებიდან. დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაღაც არარსებული მითიური ხელსაწყო. მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ „ტვ პირველი“ ჩააქროთდა არ იმაუწყებლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამორიცხულია თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და არ იყოს მაუწყებელი და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში... ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაქცია და რეაგირება. დღეს უკვე სასამართლოს დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია „პირველში“, ეს არის ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და „ტვ პირველი“ აღარ იყოს ამ ქვეყანაში და აღარ იმაუწყებლოს", აცხადებს "ტვ პირველის" დამფუძნებელი.

"არ დავთმობთ",- ამბობს პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანი და ტელეკომპანია "პირველის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ინგა გრიგოლია. ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში სასამართლოს განჩინება წაიკითხა და პროკურატურას განმარტებები მოსთხოვა.

„რასაკვირველია ველოდი, რასაკვირველია ამ ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ ველოდი ძალიან დიდ შემოტევას ტვ პირველზე და დღეს რაც არ უნდა ენა მოიჩლიქონ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და საზოგადოებას უთხრან პროკურატურის ორი სხვადასხვა განმარტებით, რომ უი, არა შეჭრა თურმე არ იგეგმება ტვ პირველში, მაშ მე მაქვს კითხვა, რას ნიშნავს ჩანაწერი იძულებით შესვლასთან დაკავშირებით. წინააღმდეგობის შემთხვევაში იძულებით პროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით...რას ნიშნავს იძულების პროპორციული ზომის მწვანე შუქის ანთება? არ გამოგივათ, გაძლევთ ამის პირობას",- თქვა ინგა გრიგოლიამ.

პროკურატურა ტყუილს ამბობს, როდესაც გვეუბნება, რომ თითქოს, არ არსებობდა სხვა სამართლებრივი ბერკეტი იმისთვის, რომ გამოძიების ფარგლებში მათ განეხორციელებინათ ჩანაწერების აუთენტიკურობის დასადგენად აუდიო მასალის მოპოვება, - ამის შესახებ „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახური უფროსმა ნოდარ მელაძემ, ტელევიზიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნოდარ მელაძე აცხადებს, მოსამართლის განჩინებით, ცხადი ხდება, რომ მათ მიზანს წარმოადგენდა „იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა სისტემა ემხილებინა“.

„მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა პროკურატურამ დღეს რამდენიმე განმარტება დააწია გზაში მოსამართლის განჩინებას, მოსამართლის განჩინება ოფიციალური დოკუმენტია და ამ წუთებშიც არის მოქმედი. მისი გაცემის თარიღიდან, 9 მარტიდან, 30 დღის განმავლობაში საქართველოს პროკურატურას ნებისმიერ წუთს შუეძლია მოსამართლის ამ განჩინების საფუძველზე, შემოვიდეს ტელეკომპანია „პირველში“ და განახორციელოს იძულებითი პროპორციული ზომების გამოყენებით, მათთვის სასურველი მასალის ამოღება.

პროკურატურის პოზიცია

სასამართლოს განჩინების გავრცელებიდან რამდენიმე საათში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა სადაც მათ განმარტეს, რომ "ტვ პირველს" უფლება აქვს არ გადასცეს ჩანაწერები.

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ "TV პირველს" უფლება აქვს არ გადასცეს მათ ის "ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი", რომლის ამოღების უფლებაც სასამართლოსგან ითხოვეს და მოსამართლემ დაუკმაყოფილა. ამ შინაარსის განცხადება თავად უწყებამ გაავრცელა.

"საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს უფლება აქვთ არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი, თუმცა საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ "ტელეკომპანია პირველი" ითანამშრომლებს გამოძიებასთან, გადმოგვცემს მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით, ასევე ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ "TV პირველს" თავად შეუძლია მიიტანოს საგამოძიებო უწყებაში ფარული ჩანაწერი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

სპეციალურ განცხადებაში საგამოძიებო უწყება არ აპირებს "TV პირველში" ძალის გამოყენებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

სასამართლო

დღის ბოლოს საქართველოს საქალაქო სასამართლომ განაჩენზე განმარტება გაავრცელა. განცხადებაში, რომელიც სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვკითხულობთ:

„2021 წლის 9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, კერძოდ 2021 წლის 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისათვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღება, რომელზეც ჩაწერილი იყო კერძო საუბრები. ასევე კონვერტი, ან სხვაგვარი შეფუთვა.

გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გაცემულ სხვა განჩინებებშიც, სასამართლო ხელმძღვანელობს და მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა და ეს კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს. შესაბამისად აღნიშნული დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას, რომელიც სხვა უამრავ მსგავს შემთხვევებშიც ეთითება ანალოგიურ განჩინებებში და არანაირი განსხვავებული წესი ამ შემთხვევაში არ გამოყენებულა“

როგორ დაიწყო ამბავი:

შაბათს, 6 მარტს ტვ პირველმა ფარული ჩანაწერი გაასაჯაროა,ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ეთერში გასული ჩანაწერი შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, თუმცა საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით". საგამოძიებო ორგანო სატელეფონო საუბრის შინაარსით არ დაინტერესებულა.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG