ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბი ტურისტების ბუმი თურქეთში


არაბი ტურისტების ბუმი თურქეთში

ევროპის ეკონომიკურმა კრიზისმა თურქეთზეც იქონია გავლენა, უფრო სწორედ თურქეთის ტურისტულ ბიზნესზე. თუმცა, ეს ხელს არ უშლის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოპულარობის ზრდას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი თურქეთიდან იტყობინება, თურქეთში არაბი ტურისტების ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

გასულ თვეს ქაიროში ჩასულ ერდოღანს ეგვიპტელები ოვაციებით და შეძახილებით შეხვდნენ, ათასობით ეგვიპტელი თურქეთის ლიდერს მადლობას უხდიდა არაბული რევოლუციების მხარდაჭერის და ისრაელის წინააღმდეგ დიპლომატიური მეთოდებით ბრძოლის დაწყებისთვის. თურქეთში არაბი ტურისტების მოჭარბების მიზეზი სწორედ ერდოღანის პოპულარობაში მდგომარეობს.

სტამბოლის მთავარ ქუჩებში არაბი ტურისტების ჯგუფები უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. წელს თურქეთში ორ მილიონ არაბ ტურისტს ელიან, რაც გასული წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ქუვეითელი აჰმედი ამბობს, რომ ერდოღანი მისთვის თითქმის საკულტო ფიგურაა და სტამბოლში შვებულების აღება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.

„ერდოღანი კარგი ადამიანია. აქ მუსლიმებს შორის ურთიერთობაა. მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ გაგებული მქონდა ერდოღანის შესახებ. მშვენიერი ქვეყანაა,“- ამბობს აჰმედი.

არაბი ტურისტების რაოდენობის ზრდას მაღაზიებიც შესაბამისად უწყობენ ხელს. სავაჭრო ცენტრებში ინგლისურთან ერთად უკვე გამოჩნდა არაბული წარწერები. ეს გასაკვირი სულაც არ არის. არაბი ტურისტები ხომ ნავთობით მდიდარი ქვენებიდან არიან და მათ ფულიანი ადამიანების სახელი აქვთ, რასაც კრიზისის შემდგომ ევროპელებზე არავინ ამბობს. არაბი ტურისტების ზრდა, რასაკვირველია ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება.

„თუკი სტამბოლის ქუჩებში გაივლით, თამამად იტყვით, რომ ამდენი არაბი ტურისტი თურქეთში არასდროს გინახავთ. ასევე ვიცით, რომ თურქეთში 2011 წელს ტურისტების საერთო რაოდენობა გაიზარდა. ის ერთგვარი გარდამტეხი წელი იყო ტურიზმისთვის,“ - ამბობს იგითი.

სტამბოლის ცენტრში ერთერთი სასტუმროს მენეჯერი ედიპ ჯელიკი ამბობს, რომ მათი მთავარი კლიენტურა არაბები არიან.

„ევროკავშირში კრიზისის გამო, აღარ ჩამოდიან საბერძნეთიდან და არც ესპანეთიდან. ახლა სასტუმროში კლიენტების 60-70 პროცენტს არაბები შეადგენენ. მათ უმეტესობას შოპინგი უყვარს და ყველა კითხულობს, თუ სად არის სავაჭრო ცენტრი,“ ამბობს ედიპ ჯელიკი.

აიდარ სენგეჯი ტურისტული ჯგუფების გიდად მუშაობს. ის ამბობს, რომ ტურისტები თითქმის ყველა არაბული ქვეყნიდან ჩამოდიან, როგორც არაბეთის ნახვერაკუძულიდან ასევე ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან.

ანალიტიკოსები ევროპისთვის მძიმე პერიოდს წინასწარმეტყველებენ, თუმცა მაღალი ტურისტული პოტენციალის გამო ეს თურქეთს ნაკლებად შეეხება.

XS
SM
MD
LG