ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარა: ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან მოკლულია


თურქი სამართალდამცავების განცხადებით, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთიდან, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებში, ნებაყოფლობით გადასახლებაში ცხოვრობდა, გასულ კვირას თურქეთში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

მისი საცოლის თქმით, ჟურნალისტი საკონსულოში დაგეგმილი ქორწინებისთვის დოკუმენტების მისაღებად მივიდა. ის ბოლოს სამშაბათს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოში შესვლისას ნახეს. საცოლე მას შენობის გარეთ ელოდა. საცოლის განცხადებით, ხაშოგი მას შემდეგ გარეთ აღარ გამოსულა. მან დახმარებისთვის თურქ სამართალდამცავებს მიმართა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის „ამცნობს მსოფლიოს [გამოძიების] შედეგებს“. ერდოღანის თქმით, პოლიცია ამოწმებს სათვალთვალო ვიდეო კამერებს საკონსულოს შესასვლელებსა და გასასვლელებში, ასევე სტამბოლის აეროპორტში. პოლიციის თქმით, 2 ოქტომბერს დაახლოებით 15 პირი საუდის არაბეთიდან თურქეთში ჩავიდა და ისინი საკონსულოში იმყოფებოდნენ მაშინ როცა ჯამალ ხაშოგი იქ მივიდა.

გასულ წელს ჟურნალისტი ვაშინგტონში მას შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად, რაც საუდის არაბეთში დისიდენტების შევიწროება დაიწყეს. ხაშოგი საუდის არაბეთის უფლისწულის მუჰამად ბინ სალმანის ხმამაღალი კრიტიკოსი იყო. ის მასალებს გამოცემა "ვაშინგტონ პოსტშიც" აქვეყნებდა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი ჯერ არ ადასტურებენ ჟურნალისტის დაღუპვის ცნობებს, თუმცა „ახლოდან აკვირდებიან სიტუაციას“.

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო საბჭომ კვირას განაცხადა, რომ საუდის არაბეთს, თურქეთს და შეერთებული შტატებს აქვთ პასუხისმგებლობა პასუხი გასცენ ხაშოგის გაუჩინარების საქმეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG