ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ბაიდენის გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებლად" მიიჩნევს


ამერიკის პრეზიდენტის მიერ ოსმალეთის იმპერიის მხრიდან სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარება თურქეთის განცხადებით "აღმაშფოთებელია" და ამას ქვეყანა უახლოეს პერიოდში უპასუხებს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გააკეთა.

"უახლოეს დღეებსა და თვეებში იქნება განსხვავებული ფორმის, ტიპისა და მასშტაბის რეაქცია ჩვენი მხრიდან", - თქვა იბრაჰიმ კალინმა, პრეზიდენტ ერდოღანის პრეს-სპიკერმა და მრჩეველმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" ინტერვიუში.

კალინს არ დაუკონკრეტებია, რა ნაბიჯების გადადგმას განიხილავს ოფიციალური ანკარა. თუმცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი თურქეთის სამხრეთით მდებარე ინჩირლიკის საჰაერო ბაზაა, რომელიც სირიასა და ერაყში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოალიციის ძალების მიერ გამოიყენება. ჯერჯერობით უცნობია, შეუზღუდავს თუ არა ამერიკულ ძალებს ამ ბაზაზე წვდომას ნატოს წევრი სახელმწიფო.

1915-1923 წლებში განვითარებული მოვლენებს და შედეგად მილიონნახევარი სომეხის გარდაცვალებას ამ დრომდე თეთრი სახლი ყოველთვის ფრთხილად შერჩეული ტერმინებითა და ფრაზებით მოიხსენიებდა. სომხები ამტკიცებენ, რომ მათი წინაპრები - მილიონნახევარი ადამიანი - შიმშილით, იძულებითი შრომის, დეპორტაციის, მასობრივი მკვლელობების მეშვეობით სწორედ ეთნიკური ნიშნით გენოციდის მსხვერპლნი იყვნენ.

თურქეთი უარყოფს, რომ ოსმალეთის იმპერიამ გენოციდი ან სომეხთა განსადევნად რაიმე წინასწარ განზრახული გეგმით დევნა განახორციელა. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ბევრი დაღუპული ან ომის მსხვერპლი იყო, ან რუსებმა დახოცეს. ამასთან, მსხვერპლის რაოდენობას თურქეთი გაზვიადებულად მიიჩნევს.

შაბათს მიღებული გადაწყვეტილებით სომხური დიასპორა ამერიკაში კმაყოფილია, თუმცა ნატოს წევრ თურქეთთან ამერიკის ისედაც პრობლემური ურთიერთობა ამის შემდეგ შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს.

ანკარამ თურქეთში ამერიკის ელჩი უკვე გამოიძახა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უკმაყოფილების გამოსახატად. საგარეო საქმეთა მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ელჩს, დევიდ სატერფილდს უთხრეს, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძვლები არ ჰქონდა და რომ ანკარა ამას მიუღებლად მიიჩნევს და მკაცრად გმობს. ანკარაში ასევე ითქვა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც ნატოს წევრმა მოკავშირემ "ურთიერთობაში ისეთი ჭრილობა შექმნა, რომლის მოშუშებაც ძნელი იქნება". შაბათის განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგვე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავაშოღლუმ "ტვიტერზე" დაწერა: "სიტყვები ისტორიას ვერ შეცვლის და ვერ გადაწერს. ჩვენ არავისგან მოვისმენთ ჩვენივე ისტორიის გაკვეთილებს", - თქვა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG