ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი ოპოზიციას შეხვდა


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ერდოღანი ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს ქემალ ქილისდაროღლუს ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა.

შეხვედრა ოპოზიციის გეგმის განხილვას მიეძღვნა, რომელიც ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ ორგანიზებული პარტიზანული მოძრაობის ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

ამ გეგმის ერთ-ერთი ავტორის ფაროკ ლოგოღლუს განცხადებით შეხვედრას საქმიანი ხასიათი ჰქონდა და ძალზე საინტერესოდ ჩაიარა. მისი თქმით:“ ოპოზიცია მრავალმხრივი პოლიტიკის გატარებას ცდილობს და მზად არის მოლაპარაკებისთვის.“

10 პუნქტიანი გეგმა მრავალპარტიული კომისიის შექმნას ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტში შემავალი ოთხი პარტია 12 წარმომადგენლით დააკომპლექტებს.

ქვეყნის ქურთულმა მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიამ ამ ინიციატივას სოლიდარობა გამოუცხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ომერ ჩელიკმა ასევე მოიწონა ეს წინადადება, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკური კონსესუსის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით:’’ მმართველი პარტია არ არის წინააღმდეგი ამ პროექტში ოპოზიციურმა პარტიებმაც მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ოპოზიციური ეროვნული მოქმედების პარტია შესაძლოა ამ გეგმის წინააღმდეგ წავიდეს, მათ მონაწილეობას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.“

ამ შეხვედრამდე ნაციონალისტურმა ეროვნული მოქმედების პარტიის ლიდერმა დევლეთ ბაჩელიმ დაგმო აღნიშნული ინიციატივა და მას ტერორიზმის წახალისება უწოდა.

კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, მას შემდეგ რაც ქურთისტანის მუშათა პარტიამ პარტიზანული მოქმედებების გააქტიურება გადაწყვიტა. თურქეთის მთავრობა იძულებული გახდა ხისტი პოზიცია დაეკავებინა ქურთების მიმართ, რამაც მხოლოდ გაართულა ვითარება.

არჩევნების დროს თურქეთის პრემიერმა ერდოღანმა ქურთ პარტიზანებთან ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ ომად მონათლა. თუმცა გაზეთ „მილიეთის“ კორესპონდენტი ასლი აუდინთასბასი აცხადებს, რომ ოპოზიციის ინიციატივას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით თურქეთის ისტორიაში პირველად ქურთების პრობლემა ოპოზიციის და მთავრობის განხილვის საგნად გადაიქცა.

თურქეთის სამხრეთით მდებარე სახელმწიფოებში პოლიტიკური არასტაბილურობა მძვინვარებს. მის მეზობელ ქვეყნებში, ერაყსა და სირიაში, თურქეთის მსგავსად დიდი და გავლენიანი ქურთული მოსახლეობა ცხოვრობს.

როგორც კადირის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი სოლი ოზელი აცხადებს, ანკარამ უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა, რადგან ქურთული პრობლემა აღარ არის მხოლოდ თურქეთის საშინაო საქმე.

მისი თქმით:“ ერაყელმა ქურთებმა ფაქტიურად დამოუკიდებლობა მოიპოვეს. სირიელი ქურთების სტატუსიც უეჭველად შეიცვლება. ქურთების პრობლემა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხად გადაიქცა.“

ანკარა, დამასკოს ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. თურქეთის მმართველი პარტია მოლაპარაკების წარმატების წინაპირობად პარტიზანული მოქმედებების შეჩერებას მიიჩნევს. პოლიტოლოგების აზრით ეს რთული მისაღწევი იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რევოლუციური მოვლენების ფონზე.

XS
SM
MD
LG