ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანმა მორსის სახით მეკავშირე დაკარგა


ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების გამო პრობლემები თურქეთსაც ექნება

მთავარი არაბი მეკავშირეებისგან განსხვავებით, თურქეთმა ეგვიპტის ლიდერის მოჰამედ მორსის ჩამოგდება გააპროტესტა. ანალიტიკოსები გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებენ, მორსის ჩამოდგება თურქეთის ამბიციას შეასუსტებს, რომ ახლო აღმოსავლეთში თავისი გავლენა გააძლიეროს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან მოგვითხრობს.

გასულ კვირას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ეგვიპტეში მომხდარი სამხედრო გადატრიალება დაგმო, რასაც ეგვიპტის ისლამისტი პრეზიდენტის, დემოკრატიის მტრად შერაცხული მოჰამედ მორსის პოსტიდან ჩამოგდება მოყვა.

რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ამის გამო დასავლეთი გააკრიტიკა, რომელმაც მისი აზრით არჩეული ლიდერის განდევნა სახელმწიფო გადატრიალებად არ შეაფასა.
საკუთარ ქვეყანაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მაგალითების გათვალისწინებით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ასეთი ტიპის სამხედრო ჩარევას მძიმე შედეგები მოაქვს ქვეყნისთვის.

რეჯებ ტაიპ ერდოღანი: გადატრიალება ბოროტებაა. გადატრიალება საფრთხეს უქმნის ხალხს და დემოკრატიის მომავალს. „ გაკვირვებული ვარ დასავლეთის ქმედებით. ევროპის პარლამენტი საკუთარ ღირებულებებს უგულველყოფს, როდესაც სამხედრო ინტერვენციას ეგვიპტეში სახელმწიფო გადატრიალების შეფასებას არ აძლევს. ეს გულწრფელობის ტესტია და ევროპა ამ გამოცდაში ჩაიჭრა.

ბრიუსელიც და ვაშინგტონიც ამ ეტაპზე თავს იკავებენ ეგვიპტეში განვითარებული მოვლენები და მორსის ჩამოგდება სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასონ.

თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ფრთხილი დამოკიდებულება ანკარის მთავარი მოკავშირეების მხრიდანაც იგრძნობა. საუდის არაბეთი და ყატარი მიესალმნენ გარდამავალ პერიოდში ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის ედლი მანსურის დანიშვნის ფაქტს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეგვიპტის პირველი არჩეული პრეზიდენტის დამხობის მოვლენამ თურქეთზე შესაძლოა მნიშვნელოვანი დიპლომატიური გავლენა მოახდინოს.

თურქული გაზეთის „მილიეთის“ პოლიტიკური მიმომხილველის კადრი გიურსელის თქმით, ერდოღანი მორსიში ძლიერ ისლამისტ ლიდერს ხედავდა რაც მომგებიანი იყო იმ მხრივ, რომ ორივე ქვეყანას რეგიონში დიპლომატიური ზეგავლენის საშუალებას აძლევდა.

კადრი გიურსელის: მორსის ჩამოგდება თურქეთის ხელისუფლებაზე მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმაა. ეგრეთ წოდებული დიდი კეთილგონიერება ახალი რეგიონალური წესრიგის დასამყარებლად ისლამურ რეჟიმებთან ერთად რაც არაბული რევოლუციების შედეგად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით ეგვიპტეში, ტუნისში, ლიბიაში და სირიის მომავალიც ამ კუთხით განიხილებოდა. ამგვარად, ახალი რეგიონალური წესრიგის დამყარების იდეა, რეგიონში უცხოელი მოთამაშეების გარეშე ვფიქრობ რომ წარსულს ჩაბარდა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ასევე დაგეგმილ ვიზიტს ღაზის სექტორში, რომელმაც კამათი გამოიწვია, შესაძლოა ასევე საფრთხე დაემუქროს. ეს ვიზიტი რამდენჯერმე უკვე გადაიდო ვაშინგტონის, თელ-ავივის და პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეშფოთების გამო.

პოლიტიკური მიმომხილველის, გიურსელის შეფასებით, მორსის დამხობა ერდოღანის ღაზის სექტორში ვიზიტის პრაქტიკულ შესაძლებლობას მთლიანად გამორიცხავს.

კადრი გიურსელი: გაურკვეველია როდის შედგება ედოღანის ვიზიტი ღაზის სექტორში, ვინაიდან რაფას შესასვლელში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ის იქ ვერ შევა. ეგვიპტეში მას სიხარულით არ მიიღებენ. ქვეყანას, რომელსაც სამხედროები მართავენ ის ვერ წავა, ეს წარმოუდგენელია.

ერდოღანის პრესტიჟისთვის ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი მეკავშირის დაკარგვა მორიგი დარტყმაა. რამდენიმე კვირის განმავლობაში თურქეთში მიმდინარე ანტი-სამთავრობო გამოსვლების გამო მისი ავტორიტეტი ისედაც შერყეული იყო. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ეგვიპტეში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ ანკარას უფრო მეტი პრობლემები ელის.
XS
SM
MD
LG