ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში 1980 წელს გადატრიალების ლიდერებს გაასამართლებენ


თურქეთში 1980 წელს გადატრიალების ლიდერებს გაასამართლებენ

თურქეთში 1980 წელს სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე გენერლებს ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბულიდან იტყობინება, ანკარას ამ ნაბიჯს ბევრი თურქი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიიჩნევს. 1980 წელს სამხედრო გადატრიალების ხელმძღვანელ გენერლებს ქენან ევრენს და საჰაერო ძალების ყოფილ სარდალს თაჰსინ საჰინქაის სასამართლომ უკვე წაუყენა ბრალი. ამ გადაწყვეტილებას ზოგი ამართლებს, ზოგი კი არასწორად მიიჩნევს.

გენერლებმა ძალაუფლება ხელში 1980 წელს ჩაიგდეს, რასაც წინ უძღოდა პოლიტიკური მღელვარება და ასობით მსხვერპლი. პროკურატურის განმარტებით ამ არეულობის უკან არმია იდგა, რის შემდეგაც სამხედროებმა გადატრიალება მოაწყვეს. სამხედრო მმართველობის პერიოდში 50-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. რამდენიმე ასეული კი დააპატიმრეს, ბევრი აწამეს. ერთერთი მათგანი დეფნე სანდალია.

„მე გადატრილების შემდეგ ორჯერ დამაპატიმრეს. დიდი დროის ნაწილი დაკითხვის ცენტრში გავატარე, რომელიც ასევე წამების ცენტრი იყო. პირველად იქ ერთი თვე ვიყავი და შემდეგ გამიშვეს. ხუთი თვის შემდეგ ისევ დამაპატიმრეს. საბოლოო ჯამში წამების ცენტრში სამ წელიწადნახევარი გავატარე. “

ის თურქეთის ხელისუფლების ამ ნაბიჯს ამართლებს და ამბობს, რომ ეს აუცილებელია, რადგან თურქ ხალხს ისტორიული ამნეზია სჭირს.

ათწლიანი მმართველობის პერიოდში თურქეთის სამართლიანობის და განვითარების პარტიამ, რომელიც ისლამზეა ორიენტირებული, სეკულარისტული არმიის გავლენის დასუსტება შეძლო. 2010 წელს საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა, რომლის მიხედვითაც გადატრიალებაში მონაწილე გენერლებს იმუნიტეტი მოეხსნათ. თუმცა, მათი დაკავების დრომ გარკვეული კითხვები აღძრა. გაზეთ „მილიეთის“ პოლიტიკური მიმომხილველი ქადრი გურჯეი ამბობს:

„მათ ბრალი უნდა წაეყენოთ, რადგან ჩაიდინეს დანაშაული, რომელიც ვერ იქნება ვერანაირად გამართლებული. თუმცა, ვფიქრობ ეს არის წმინდა ტაქტიკური ნაბიჯი, რათა მოხდეს ყურადღების გადატანა სხვა პრობლემაზე.“

მთავრობის წინააღმდეგ კრიტიკა იზრდება, როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. კრიტიკის მთავარი მიზეზი კი ადამიანის უფლებების არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. თურქეთში არსებულ სასმართლო სისტემას და ადამიანის უფლებების მდგომარეობას მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირი. თუმცა, თურქეთის მთავრობის მიზანი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არმიის დომინირების დასრულებაა. პოლიტიკური მიმომხილველი ჯენგიზ აქთარი ამბობს, რომ რა მოტივაციაც არ უნდა ქონდეს პროკურატურას, გადატრიალების ლიდერთა დაპატიმრება თურქული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა.

„ეს ძალიან სიმბოლურია და ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კაცმა შექმნა ხუნტა და თავმჯდომარეობდა მას. შემდეგ თურქულ რივიერაზე მშვენიერი ცხოვრება ქონდა. ვფიქრობ დადგა დრო, რომ მან ზღოს საკუთარი დანაშაულისთვის.“

როგორც ელიან, პროკურორები გადატრიალების ყოფილი ლიდერი გენერლებისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვენ. გენერალი ქენან ევრენი 94 წლისაა, ხოლო გენერალი თაჰსინ საჰინკაია 86-ს.

XS
SM
MD
LG