ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთ-ისრაელის ურთიერთობა ისევ დაიძაბა


თურქეთ-ისრაელის ურთიერთობა ისევ დაიძაბა
თურქეთ-ისრაელის ურთიერთობა ისევ დაიძაბა

ყოფილ მოკავშირე ქვეყნებს თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერობა ისევ დაიძაბა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობას ორმხრივი დაძაბულობის განმუხტვა არ სურს. აღსანიშნავია, რომ დაძაბულობამ პიკს მაისში მიაღწია, როცა ისრაელის სპეციალური დანიშნულების ძალებმა ღაზას სექტორში მიმავალ ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთულ ხომალდ „მავი მარმარაზე“ რეიდი მოაწყვეს. რეიდის დროს ისრაელის კომანდოებმა თურქეთის ცხრა მოქალაქე მოკლეს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან იუწყება, ხსენებული ინციდენტი თურქეთში კვლავინდებურად ძლიერ ვნებათა ღელვას იწვევს.

„კეთილი იყოს შენი დაბრუნება, მავი მარმარა. გემო, რომელმაც ჩვენი წამებულები დაგვიბრუნა,“ გაჰყვიროდა უცნობი თურქი მამაკაცი სტამბოლის პორტში გასულ კვირას, როცა გემი, როგორც იქნა, თურქეთში დაბრუნდა.

გემს სტამბოლის პორტში დაახლოებით 10,000 ადამიანი დახვდა. აღსანიშნავია, რომ 26 დეკემბრამდე თურქული ხომალდი ისრაელის სამხედრო ძალების განკარგულებაში იმყოფებოდა. პორტში გამართული დემონსტრაცია კი მალე ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ მასობრივ გამოსვლაში გადაიზარდა.

„ისრაელელო მკვლელებო! ისრაელი ღალატის ქვეყანაა!“ გაჰყვიროდა ერთი დემონსტრანტი.

მიმდინარე კვირის მანძილზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ ისრაელის მთავრობას საკმაოდ მკაცრი განცხადებით მიმართა. დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობას ორმხრივ ურთიერთობებში თურქულ გემზე მომხდარ რეიდთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარება არ სურს. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის დასაწყისში ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებში გარკვეული დათბობა შეინიშნებოდა, როცა თურქეთის მთავრობას ისრაელში მძვინვარე ტყის ხანძრის ჩასაქრობად თვითმფრინავები გაგზავნა. მაგრამ ეტყობა ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა ეტყობა წარუმატებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ თელ ავივმა ანაკარას „მავი მარმარას“ ინციდენტთან დაკავშირებით ბოდიში არ მოუხადა.

დიპლომატური საქმიანობის თურქი მიმომხილველი სემიჰ იდიზი აღნიშნავს, რომ ურთიერთობების ნორმალიზაციას ართულებს ის, რომ თურქეთში საყოველთაო არჩევნებამდე სულ რაღაც ექვსი თვეღა დარჩა.

„თურქეთი ამჟამად ისეთ საარჩევნო გარემოში იმყოფება, რომელშიც ყველაფერი საზოგადოების განწყობას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, პოპულისტურ პოლიტიკას ასაზრდოვებს. ეს კი შემდგომში სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე აისახება,“ აღნიშნა თურქმა მიმომხილველმა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთისთვის ბოდიშის მოხდა გამორიცხა. მან აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობა თურქი მოქალაქეების სიკვდილთან დაკავშირებით მზად არის მხოლოდ სინანული გამოხატოს. ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ ბოდიშის მოხდა დანაშაულის ჩადენის აღიარების ტოლფასი იქნება, რასაც საერთაშორისო სასამართლოში რეიდში მონაწილე ჯარისკაცების გასამართლებაც შეიძლება მოჰყვეს.

მაგრამ პოლიტიკური მიმომხილველი მეჰმეტ ალი ბირანდი აღნიშნავს, რომ ისრაელის მთავრობას თურქი მოსახლეობის გულისწყრომა ეტყობა სათანადოდ არ გაუაზრებია, განსაკუთრებით კი ის თუ რამდენად მწვავე რეაქცია მოჰყვა ინციდენტს თურქეთის მოსახლეობის რელიგიურად კონსერვატიულ ნაწილში.

„ცხრა თურქის მოკვლამ ხალხი განცვიფრებული დატოვა და საზოგადოებაში გაისმოდა კითხვები, ‘ჩვენ მათ არაბები ხომ არ ვგონივართ? როგორ იქცევა ისრაელი?’ სწორედ ეს იყო ხალხის რეაქცია. ამდენად თურქეთის პრემიერ მინისტრს სხვა გამოსავალი არ დარჩენია გარდა იმისა, რომ ისრაელისგან ბოდიშის მოხდა და კომპენსაციები მოითხოვოს,“ აღნიშნა ბირანდმა.

ამას გარდა მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზაციას ხელს უშლის პაექრობა ისრაელის პრემიერ მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, დასძენს დიპლომატური საქმიანობის თურქი მიმომხილველი სემიჰ იდიზი.

მართალია ჯერ-ჯერობით ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა ჩიხშია შესული, იდიზი აღნიშნავს, რომ ორივე მხარეს არიან ისინიც, ვისაც სჯერა, რომ არსებული დაძაბულობა არცერთი ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ვაშინგტონი, როგორც ორივე ქვეყნის მოკავშირე სახელმწიფო, მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ანკარასა და თელ ავივზე ზეწოლას ახდენს. მაგრამ დღეს-დღეობით ისრაელსა და თურქეთში შექმნილი საშიანო პოლიტიკური მდგომარეობა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას გამორიცხავს, აღნიშნავენ მიმომხილველები.

XS
SM
MD
LG