ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი "ტვიტერსა" და "პინტერესტზე" რეკლამებს ზღუდავს


თურქეთმა "ტვიტერზე", "პერისკოპსა" და "პინტერესტზე" რეკლამების განთავსება შეზღუდა. ამის მიზეზი ოფიციალურად ის ახალი კანონია, რომელიც სოციალური მედიის კომპანიებს ადგილობრივი წარმომადგენლის გამოყოფას ავალდებულებს. ეს წარმომადგენელი კონკრეტული შინაარსის შემცველი მასალების პლატფორმიდან წაშლაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი.


ეს წესები ქვეყანაში ოქტომბერში ამოქმედდა და მას შემდეგ ადამიანის უფლებადამცველებისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების კრიტიკის მიზეზია. ისინი თურქეთის ხელისუფლებას საწინააღმდეგო აზრისა და მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

კანონი სოციალური მედიის პლატფორმებს ავალდებულებს, რომ შინაარსის ან ამა თუ იმ კონკრეტული მასალის წაშლის მოთხოვნას 48 საათის განმავლობაში უპასუხონ. კანონის განმარტებით, ეს ისეთ მასალებს ეხება, რომელიც პერსონალური ინფორმაციისა და პირადი დაცულობის უფლებებს არღვევს.

"ფეისბუქმა" კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ამგვარ წარმომადგენელს დანიშნავდა, თუმცა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მომხმარებლებს პლატფორმაზე მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვის საშუალება უნდა ჰქონდეთ. სხვა კომპანიები ამ მოთხოვნებს უკვე დაემორჩილნენ, მათ შორის, "იუთუბი", "ტიკ-ტოკი", "დეილიმოუშენი" და "ვკონტაკტე". ნებისმიერი კომპანია, რომელიც მოთხოვნებს არ დაემორჩილება, შესაძლოა იმ რეგულაციების სამიზნე გახდეს, რომლითაც მომხმარებლებს მათზე წვდომა შეეზღუდებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG