ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქმა "განდიმ" შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინოს


რას უწინასწარმეტყველებენ კილიჩდაროღლუს?

თურქეთის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ახალ ლიდერს ქვეყნის მედიაში თურქი განდის სახელით მოიხსენიებენ მისი წყნარი ქცევისა და თავმდაბლობის გამო. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯოუნსი სტამბოლიდან იუწყება, რომ ამ ახალი პოლიტიკური ფიგურის გამარჯვება არჩევნებში თურქულ პოლიტიკას დიდ ცვლილებებს უქადის.

61-წლის კელამ კილიჩდაროღლუ მემარცხენე სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერად აირჩიეს. მას პარტიის წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. თავის პირველ მიმართვაში გამარჯვების შემდეგ კილიჩდაროღლუმ პირობა დადო, რომ პარტიის პოლიტიკური პლატფორმა დაუბრუნდება მემარცხენე-ცენრისტულ ფესვებს.

„ჩვენ შევებრძლოებით კორუფციას ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. ჩვენ მოვუღებთ ბოლოს უსამართლობას. დასაწყისიდანვე ჩვენ აღმოვფხვრავთ უმუშევრობასა და სიღარიბეს,“ განაცხადა კილიჩდაროღლუმ.

მისი მიმართვა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისი წინამორბედის დენიზ ბაიკალის სიტყვებისგან. ეს უკანასკნელი პარტიას 20 წლის მანძილზე უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში მან დატოვა თანამდებობა სკანდალის გამო.

ბაიკალის დროს პარტიამ პოლიტიკური ორიენტაცია შეცვალა და ნაციონალისტური და მემარჯვენე პოზიციები დაიკავა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო სახალხო რესპუბლიკური პარტიის მეტოქეობა მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიასთან, რომელიც ისლამისტურ იდეოლოგიას ეყრდნობა. ბაიკალი ხშირად აცხადებდა, რომ მმართველი პარტიის ნამდვილი განზრახვა თურქეთის საერო სახელმწიფოებრიობის დაშლას ისახავდა მიზნად.

როგორც ჩანს, კილიჩდაროღლუს არჩევა მნიშვნელოვნად შეცვლის სახალხო რესპუბლიკური პარტიას.

გამარჯვების შემდეგ ახალ, ბევრად უფრო მომთმენ ლიდერს ერთხელაც არ უხსენებია საერო ფასეულობები თავის პირველ გამოსვლაში. სამაგიეროდ მან ყურადღება დაუთმო სოციალურ უსამართლობას და განსაკუთრებით კი თურქეთში არსებულ ქრონიკულ უმუშევრობას.

თურქული გაზეთის „მილიეთის“ პოლიტიკურ მიმომხილველს სემიჰ იდიზს მიაჩნია, რომ კილიჩდაროღლუს ყურადღება ეკონომიკური პრობლემების მიმართ უდავოდ გამოიწვევს პოლიტიკურ წარმატებებს. მისი თქმით:

„ამ ქვეყანაში მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული მიდრეკილების მქონე პირებს არჩევნების დროს ფაქტობრივად კანდიდატები არ ჰყავდათ. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სახალხო რესპუბლიკურ პარტიაში რეფორმების ჩატარება სურდა. ამდენად სულაც არ არის გამორიცხული, რომ ბატონი კილიჩდაროღლუ იქნება სწორედ ის პირი, ვინც პარტიის გარდაქმნას ჩაუდგება სათავეში.“

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ პარტიის ყოფილი ლიდერის გამომწვევი ხასიათის გამო პარტია სხვადასხვა მოქიშპე ფრაქციებად დაიშალა. ახლა ეს ტენდენცია შეიძლება საპირისპირო მიმართულებით განვითარდეს.

კილიჩდაროღლუს არჩევის შემდეგ პარლამენტის ორი დამოუკიდებელი მემარცხენე წევრი მთავარ ოპოზიციურ პარტიას შეუერთდა. ამას გარდა თურქულ პოლიტიკაში ცნობილმა მემარცხენე პოლიტიკურმა ფიგურებმა სახალხო რესპუბლიკურ პარტიაში წევრობა აღადგინეს.

კილიჩდაროღლუ თავმდაბალი რეპუტაციის ადამიანია. მას ყოველთვის ზომიერად აცვია და იგი პირად მძღოლებისა და ლიმუზინების ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ურჩევნია. მას აგრეთვე არ უყვარს ხმამაღლა ლაპარაკი, რაც თურქულ პოლიტიკაში საკმაოდ უჩვეულო მოვლენას წარმოადგენს. ყოველივე ამის გამო თურქულმა მედიამ მას თურქი განდის მეტსახელი შეარქვა.

გასულ კვირას გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ კილიჩდაროღლუს კანდიდატურას ბევრი მისცემს ხმას. ამდენად მომავალ წელს დანიშნულ ეროვნულ არჩევნებში მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში რვა წლის წინ მოვიდა, პირველად გამოუჩნდა სერიოზული პოლიტიკური მეტოქე. თურქეთულ მედიას კი მიაჩნია, რომ ეს დადებითი მომენტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

XS
SM
MD
LG