ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები თურქეთში მომავალ არჩევნებს აფასებენ


პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი და პრემიერ-მინისტრი აჰმად დავუთოლუ.
პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი და პრემიერ-მინისტრი აჰმად დავუთოლუ.

მას შემდეგ, რაც გასულ თვეში 2013 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა, თურქეთის უშიშროების ძალებსა და ქურთების მუშათა პარტიას შორის ბრძოლები გაძლიერდა.

სტამბოლის კადირ ჰასის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი სოლი ოზელი გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ მზარდი ძალადობა ნოემბრის საყოველთაო არჩევნების ჩატარებას ეჭვქვეშ აყენებს.

„ძალადობა თუ გაგრძელდება, იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნების ჩატარებას შევძლებთ. სწორედ ამის მეშინია, შეიძლება არჩევნებზე წასვლის საშუალება არ მოგვეცეს. საომარ ზონაში არჩევნების ჩატარებას როგორ აპირებთ, ან საომარ ზონაში ჩატარებული არჩევნების შედეგების ნდობას როგორ შეძლებთ?“

უსაფრთხოების საკითხებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ გასულ კვირაში გამოშვებული ვიდეოც დაემატა, რომელშიც ის თავის თურქ მიმდევრებს სტამბოლის დაპყრობისკენ მოუწოდებს.

თუმცა, თურქეთს კონფლიქტების დროს არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს, ამბობს ბრიუსელში კარნეგის ევროპის ცენტრის მიწვეული სწავლული სინან ულგენი.

„თურქეთში არჩევნები მაშინაც ჩატარდა, როცა ქურთების მუშათა პარტიის ტერორიზმი ჯერ ისევ გრძელდებოდა, მეტწილად 80-იანებში და 90-იანებში. განსხვავება იმაშია, რომ ქურთების მუშათა პარტიის ტერორიზმი მაშინ უფრო სოფლის რაიონებისთვის იყო ფაქტორი, ახლა კი ჩვენ ამას მეტწილად ქალაქებში ვხედავთ.“

ძირითადად ქურთებით დასახლებულ სამხრეთ აღმოსავლეთში, ამჟამინდელი ბრძოლების ცენტრში, კომენდანტის საათი უკვე ძალაშია. მათ შორის, დროებითი უსაფრთხოების ზონებიცაა, სადაც უცხოებს შესვლა ექვსი თვის განმავლობაში არ შეუძლიათ. პოლიციამ მთავარი პრო-ქურთული ოპოზიციური პარტიის წევრებიც დააპატიმრა, რომლებიც ივნისის არჩევნების შედეგად პარლამენტში პირველად მოხვდნენ.

ანალიტიკოსი ოზელი ამბობს, რომ ამ დაპატიმრებებმა მომავალი არჩევნების შესახებ მეტი შეშფოთება წარმოშვა.

„ბოლო ტალღაზე უფრო მეტი სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრი დააკავეს ვიდრე ქურთების მუშათა პარტიასთან დაკავშირებული ხალხი. ერდოღანის პარტიის აზრით ნამდვილი საშიშროება სახალხო დემოკრატიული პარტიისგან მომდინარეობს.“

გასულ უქმეებზე, უშიშროების ძალებმა სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრი, სამი გამოჩენილი მერი სეპარატიზმის ბრალდებით დააკავეს. დამკვირვებლები ამბობენ, რომ ძირითადად ქურთებით დასახლებულ სამხრეთ აღმოსავლეთში უშიშროების ძალების მზარდი ყოფნა და საგანგებო უფლებამოსილებების გამოყენება, რაც, როგორც ვარაუდობენ, გაიზრდება, ნოემბრის არჩევნების სამართლიანობის თაობაზე შეშფოთებას აძლიერებს.

XS
SM
MD
LG