ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქულმა მედიამ ვიდეო გამოაქვეყნა სადაც, მათი განცხადებით, ის შეიარაღებული ეჭვმიტანილია აღბეჭდილი, რომელმაც ახალი წლის ღამეს, სტამბოლის ღამის კლუბში თავდასხმისას, 39 ადამიანი მოკლა.

როგორც ჩანს, ვიდეო მობილურ ტელეფონზეა ჩაწერილი, რომელიც ამ მამაკაცს ტაქსიმის მოედანზე სიარულისას უკავია. ის ძირითადად კამერას უყურებს, მაგრამ არ ლაპარაკობს.

ვიდეო როდის იქნა ჩაწერილი, გაურკვეველია.

ამაზე ადრე, ხელისუფლებამ უსაფრთხოების კამერით ჩაწერილი, ეჭვმიტანილი მსროლელის დაბალი ხარისხის გამოსახულება გამოაქვეყნა.

თურქულმა მედიამ დღეს ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ამ თავდასხმასთან დაკავშირებით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ორი უცხოელი დააკავა. ამასთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გაჟღერებულა.

ორშაბათს, თურქეთის პრემიერის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიდევ 8 ადამიანი იქნა დაკავებული.

თავდასხმა კვირას, ადრიანად დაიწყო, როცა შეიარაღებულმა პირმა, ღამის კლუბ "რეინას" წინ, კლუბში შესვლამდე, პოლიციელი და სამოქალაქო პირი მოკლა. კლუბში დაახლოებით 600 ადამიანი, მათ შორის ბევრი უცხოელი იყო. ზოგიერთი მათგანი თავის გადასარჩენად ბოსფორის სრუტეში გადახტა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მსროლელი კლუბიდან გამოსულ ხალხს შეერია. მოკლულების გარდა, 70 ადამიანი დაშავდა.

ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ თქვა, რომ თავდასხმა მისმა ერთ-ერთმა „გმირმა ჯარისკაცმა“ მოახდინა და მისი სამიზნე თურქეთი იმიტომ გახდა, რომ ის „ჯვრის ქვეყნებს“ მიემხრო. დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ღამის კლუბი სამიზნედ იმიტომ იქცა, რომ იქ „ქრისტიანები თავის მოციქულებს ზეიმობდნენ.“

გასულ კვირაში გამოქვეყნებულ ვიდეოში, „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავის მომხრეებს თურქეთში თავდასხმებისკენ მოუწოდა. ვიდეო თურქეთის სამხედრო ძალების მიმდინარე ბრძოლის ფონზე გამოვიდა. თურქეთი სირიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ალ-ბაბის ჯიჰადისტური ჯგუფისგან გათავისუფლებას და მასზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს.

ადგილობრივმა მედიამ პოლიციის ანგარიშის ციტირება მოახდინა და განაცხადა, რომ ღამის კლუბზე თავდასხმამდე სამი დღით ადრე, მთელს თურქეთში, სტამბოლის ჩათვლით, „ისლამური სახელმწიფოს“ 63 ეჭვმიტანილი მებრძოლი დააკავეს. იგივე ანგარიშის მიხედვით, დაკავებულთაგან ბევრი, უცხო ქვეყნებიდან იყო და ბოლო სისხლიან თავდასხმაზე პასუხისმგებელი შესაძლოა ის ჯიჰადისტური უჯრედი ყოფილიყო, რომელმაც თავდასხმა ივნისში, ათათურქის აეროპორტზე მოახდინა.

გრძელდება ახალი წლის დილას მოკლულების დაკრძალვები. ეს წლის განმავლობაში, სტამბოლში, „ისლამური სახელმწიფოს“ მეოთხე სისხლიანი თავდასხმა იყო.

პრემიერ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ივლისის ჩაშლილი პუტჩის შემდეგ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა ტერორის საფრთხის დასრულებამდე ძალაში დარჩება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი განცხადებები ყოველი თავდასხმის შემდეგ კეთდებოდა და ქვეყანაში იზრდება იმის განცდა, რომ სულ უფრო მეტი დატვირთვით მომუშავე უსაფრთხოების ძალებს, ტერორისტული თავდასხმების შეჩერება არ შეუძლია.

XS
SM
MD
LG