ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა გამოწვევების წინაშე დგას თურქეთი?


ჯონ კერის განცხადებით, თურქეთში მიმდინარე პროცესები ხელს არ შეუშლის ანკარას სირიის კონფლიქტის მოგვარებაში მიიღოს მონაწილეობა

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:13 0:00
ბმული

თურქეთი სირიის მოსაზღვრე სახელმწიფოა და ომის წინა ხაზზე იმყოფება. სასაზღვრო რაიონში მომხდარი რამდენიმე დაბომბვის შედეგად თურქეთის მოქალაქეები დაიღუპნენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ სირიის ოპოზიის ლიდერების გაერთიანებას ცდილობს სამშვიდობო კონფერენციის წინ, რომელიც სავარაუდოდ ივლისის თვეში გაიმართება.

შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსის სტივ ჰაიდემანის განცხადებით:

“ თურქეთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სირიის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, იქნება ეს დასავლეთის მიერ ორგანიზებული მოლაპარაკების პროცესი, თუ უფრო აქტიური ჩარევა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებში.“

დღეს ანკარა იძულებულია სირიის ნაცვლად საკუთარი პრობლემების მოგვარებით იყოს დაკავებული, რადგან თურქეთში მთავრობის საწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი გამოსვლები დაიწყო.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, თურქეთში მიმდინარე პროცესები ხელს არ შეუშლის ანკარას სირიის კონფლიქტის მოგვარებაში მიიღოს მონაწილეობა. მისი თქმით:

“ ეს პირველად არ ხდება, როდესაც თურქეთის მთავრობას ამგვარ გამოწვევასთან გამკლავება უწევს და მე მჯერა რომ საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ და პრემიერ-მინისტრი სირიის პრობლემას მომავალშიც დიდ ყურადღებას დაუთმობენ.“

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი სირიის რეჟიმის პირველი მტერი იყო, მაგრამ ომის გაჭიანურებასთან ერთად თურქეთს სულ უფრო გაუჭირდება სირიის ოპოზიციის მხარდაჭერა.

როგორც ამერიკელი პოლიტოლოგი სტივ ჰაიდემანი ამბობს:

“ თურქეთი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც ეჭვი ეპარება საკუთარი პოლიტიკის წარმატებაში. რამდენად მომგებიანი იყო ასადის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა? ეს კითხვა თურქეთის მთავრობის დიდი თავსატეხი გახდა.“

თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად, ახლო აღმოსავლეთის კრიზისში უკან დახევა დაუშვებელია. მისი თქმით:

“ მთელს რეგიონში, პალესტინასა და ისრაელში, პრობლემები უნდა მოგვარდეს და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დამყარდეს.“

ისრაელ-თურქეთის ურთიერთობა სამი წლის წინ გაფუჭდა, როდესაც ისრაელის სპეცრაზმმა ღაზასკენ მიმავალი თურქული გემი შტურმით აიღო. ისრაელ-თურქეთის ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ვაშინგტონის პოლიტიკის მიუხედავად ერდოღანმა გააკრიტიკა ისრაელის მიერ სირიაში ჰეზბოლას პოზიციების დაბომბვის ფაქტი.

როგორც ამერიკელი ექსპერტი სტივ ჰაიდემანი აცხადებს:

“ ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ისრაელს სირიის კონფლიქტში ჩარევას, თუ ეს მისი უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი, მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ ისრაელის სამხედრო აქციები თურქეთს ხელს შეუშლის ამ ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენაში.“

შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა თურქეთში მიმდინარე ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების დარბევის გამო. მაგრამ სირიის პრობლემასთან დაკავშირებით ვაშინგტონს და ანკარას საერთო პოზიცია გააჩნიათ.
XS
SM
MD
LG