ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალი - მიტინგებისგან ტაიმ-აუტის პერიოდში


ცხინვალში დე-ფაქტო დეპუტატები მოითხოვენ გენერალური პროკურორის, უზურმაგ ჯაგაევის გადადგომას

ცხინვალში პრეზიდენტის გადადგომის მიზნით შთაგონებული მიტინგებისგან რამდენიმე დღიანი ტაიმ-აუტი აიღეს - ეს ბესლანის ტრაგედიის პატივიცემის გამოა. ტრაგედიის, რა დროსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გაცემული ბრძანების შესრულებისას 333 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 186 ბავშვი.

ცხინვალში დე-ფაქტო პრეზიდენტ აბატოლი ბიბილოვის გადადგომას ჯიუტად მოითხოვენ. მასთან ერთად კი მინი მნიშვნელოვანი დასაყრდენის, გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის თანამდებობიდან განთავისუფლებასაც.

ცხინვალელების აღშფოთება სამართალდამცავების მიერ ცემით მოკლული ინალ ჯაბიევის ამბავმა გამოიწვია. მისი სასტიკად ნაწამები სხეულის ფოტოები სოციალური ქსელით ინტენსიურად ვრცელდება. დაკრძალვამ სახალხო ხასიათი მიიღო. იმავე დღეს, 31 აგვისტოს საღამოს კი ცხინვალელები ადმინისტრაციულ სახლს მიადგნენ და უკვე შენობაში შეჭრით სცადეს პრეზიდენტზე ზემოქმედება, რაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა არ დაუშვეს.

საინტერესოა დე-ფაქტო გენერალურ პროკურორთან, ურუზმაგ ჯაგაევთან არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ადგილობრივი ეგრეთ წოდებული პოლიტ-ელიტის დამოკიდებულებაც. რამდენიმე დღის განმავლობაში ხალხთან ერთად, თეატრის მოედანზე, დეპუტატებიც იდგნენ. მათი უდიდესი უმეტესობა ჯაგიევს ღიად უპირისპირდება. უფრო მეტიც, 29 აგვისტოს დეპუტატებმა საგანგებო სხდომა გამართეს და პრეზიდენტს ჯაგაევის გადადგომის მოთხოვნა წერილობით წარუდგინეს. მოთხოვნას ხელს დეპუტატების უმრავლესობა აწერდა (27-დან 25 მოითხოვდა პრეზიდენტისგან ჯაგაევის გათავისუფლებას). ბიბილოვს დეპუტატების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია.

1 სექტემბერს კი უკვე დე-ფაქტო გენპროკურორმა გამართა ბრიფინგი, სადაც ახლა უკვე მან წამოაყენა პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მზაობა გამოთქვა გადადგომის თაობაზე. ჯაგაევი ამბობს, რომ გადადგება, თუკი ის დეპუტატები, ვინც მისგან მოითხოვენ თანამდებობის დატოვებას, ასევე უარს იტყვიან პოსტებზე და დეპუტატის იმუნიტეტზე. ასეთი შემთხვევისთვის მას მზად აქვს მძიმე და ძალიან მძიმე დანაშაულების ნუსხა, რომელიც დეპუტატებმა ჩაიდინეს. მას შემდეგ, რაც მათ მოეხსნებათ ხელშეუხებლობა, აღმოჩნდებიან დამნაშავეთა სკამზე.

„გენერალურმა პროკურატურამ უკვე გაგზავნა უზენაეს სასამართლოში ცნობა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდე პლიევის დანაშაულთა შესახებ, რომელსაც ბრალი ედება რუსეთის ფედერაციის სსკ-ის სამი მუხლით. ასევე მოკვლეულია დეპუტატ დავით სანაკოევის ბრალეულობა (შეისწავლეს რა მისი გამონათქვამება წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას, დებატებში, ის შეიძლება დაადანაშაულონ სსკ-ის ორი მუხლით). ანალოგიური ვითარებაა დეპუტატ ძამბოლატ მედოევის მიმართ. მას ბრალად ედება იმ დროისთვის მძიმე და ძალიან მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ანდრეი კაბისოვისთვის მანქანის თხოვება (უფრო სწორად, დეპუტატმა არა მხოლოდ ათხოვა დამნაშავეს მანქანა, არამედ თვითონვე დაჯდა საჭესთან და მოემსახურა) და სამართალდამცავებისგან თავის არიდებაში დახმარება...

ამგვარად, როგორც ირკვევა, არც გენერალური პროკურორი მჯდარა მთელი ამ წლების განმავლობაში „უქმად“. მასაც საკმაოდ ბევრი კომპრომატი აქვს ადგილობრივი პოლიტიკოსების შესახებ ხელთ. ხოლო ის ფაქტორი, რომ დე-ფაქტო გენერალური პროკურორი დამნაშავეთა დასახელებისას აქცენტს აკეთებს „ოპოზიციად“ მოაზრებულ დეპუტატებზე და მათ კომპრომატებს წარმოადგენს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცხინვალში, ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო დაწყებულმა პროტესტმა უკვე განიცადა პოლიტიკური ტრანსფორმაცია.

ანატოლი ბიბილოვი ამბოხში მთავარი დამნაშავის ძიებაშია. ძიების პროცესში მან ქართული კვალიც იპოვა. ბიბილოვმა უკვე განაცხადა იმის შესახებაც, რომ „ქართველი ბოტები“ ჩართულები არიან ცხინვალში პოლიტიკური სიტუაციის ამღვრევაში. „ქართულმა მხარემ არ გაუშვა შესაძლებლობა ესარგებლა ვითარებით და მოეხდინა კრიზისის პროვოცირება, რასაც აქტიურად უკიდებს ცეცხლს სოც-ქსელების საშუალებით. მიმიმდინარეობს სისტემური მუშაობა და ალბათ, ამ ყველაფერს სახელმწიფო დეპარტამენტი კურირებს“,- ამბობს ბიბილოვი.

ბიბილოვმა ასევე ისაუბრა მისი წინამორბედის, ედუარდ კოკოითის შესახებაც, ვინც ცხინვალში დაბრუნებას გეგმავდა. ამის თაობაზე კოკოითიმ ვიდეო-მიმართვაც გაავრცელა და ბიბილოვს გადადგომისკენ თან მოუწოდა და თან ულტიმატუმი წაუყენა (რომელიც კოკოითისთვის კრახით დასრულდა - ის ცხინვალში ვერ შევიდა ჩაკეტილი საზღვრების გამო). ბიბილოვი ამბობს, რომ ყველასთვის ცნობილია გზების ჩაკეტვის თაობაზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან, პანდემიის საშიშროებიდან გამომდინარე, ამიტომ ბუნებრივია, რომ კოკოითისთვის ცხინვალში შემოსვლა შეუძლებელი იქნება.

მანამ, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი ვიდეო მიმართვას გაავრცელებდა, დე-ფაქტო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან მიმოსვლის აღდგენის თაობაზე 15 სექტემბრიდან. მოუწევს თუ არა ლოდინი კოკოითის 15 სექტემბრამდე, ან რამდენად შეცლის პოლიტიკურ ამინდს მისი ჩასვლა ცხინვალში, ამას მოვლენების განვითარება აჩვენებს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ უზურმაგ ჯაგაევს კოკოითის დანაშაულთა ვრცელი სია და კომპრომატები უკვე გამზადებული ექნება.

პროვოკაციებზე საუბრისას უადგილო არ იქნება იმ ფაქტის აღნიშვნაც, რომ ინალ ჯაბიევის დაკრძალვის დღეს ცხინვალში თავს დაესხნენ ცნობილ აქტივისტსა და ჟურნალისტს თიმურ ცხურბათს. ის სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები თავის არეში, დაზიანებული აქვს ყბის ძვლებიც. მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა სტაციონარიდან, სადაც განაცხადა, რომ ქუჩაში თავს დაესხნენ ადამიანები, ვინც უკმაყოფილო იყო მისი აქტიურობით სოციალურ ქსელში. ცხურბათი ამ ფაქტს პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი განუკითხაობა გაგრძელდება მანამ, სადამ ხალხი იქნება ჩუმად და ხელისუფლებას არ მოსთხოვს პასუხს ჩადენილი ქმედებებისთვის.

ცხინვალში სამოქალაქო მღელვარება ამ ეტაპზე მინავლდა, თუმცა მათი განახლება მოსალოდნელია მას შემდგომ, რაც ბესლანის ტრაგედიის წლისთავი ჩაივლის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG