ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალი და აფხაზეთი პანდემიის პირისპირ


დე-ფაქტო ცხინვალის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კორონავირუსს რუსეთის საველე და მობილური ჰოსპიტალების მოწვევა მოჰყვა. არაღიარებულ ანკლავებში აცხადებენ, რომ ისინი მოხარულები არიან რუსეთის ასეთი მხარდაჭერითა და დახმარებით. აფხაზეთში განთავსებულ მობილურ მრავალპროფილურ ჰოსპიტალს 100 საწოლი აქვს. ის მას შემდეგ გამოგზავნეს, რაც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დახმარების თხოვნით მიმართა.

ცხინვალში კი მრავალპროფილური საველე ჰოსპიტალის შემადგენლობა 27 ოქტომბერს ჩავიდა. მაგისტრალზე ეშელონს ხაჭაპურებით, მწვადითა და ოსური ლუდის სასმისით დახვდნენ: „რთულ დროს ჩვენ ყოველთვის რუსეთს მივმართავთ დახმარებისთვის და რუსეთიც ყოველთვის მოდის ჩვენთან დასახმარებლად. რუსეთის თანადგომით, ჩვენ გავიმარჯვეთ გარე მტერზე და ახლაც, იმედი მაქვს, დღევანდელი თქვენი შემოსვლაც დაგვირგვინდება გამარჯვებით, უკვე მესამე (სტილი დაცულია - ნ.დ.) მტერზე. ჩვენ კარგი ტრადიცია გვაქვს, სტუმრებს ოსური ხაჭაპურითა და საპატიო სასმისით ვხვდებით“,- განაცხადეს მასპინძლებმა.

საველე ჰოსპიტალი ცხინვალში, სპორტულ კომპლექს „ოლიმპის“ ტერიტორიაზე განთავსდება. როგორც დე-ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, სამხრეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობა ცხინვალში იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც საჭირო იქნება. „გასულ კვირას ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ გაგზავნა დახმარების თხოვნა რუსეთის ფედერაციაში. თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსა და პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, გასულ კვირასვე დააკმაყოფილეს ჩვენი თხოვნა და გამოგზავნეს დახმარება“,- აცხადებს მარინა კოჩიევა, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმი.

რუსული საველე ჰოსპიტალის შემადგენლობა ცხინვალში შედის
რუსული საველე ჰოსპიტალის შემადგენლობა ცხინვალში შედის

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ბეკოევი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ამის თაობაზე საზოგადოებას მათ 17 ოქტომბერს შეატყობინეს. ორივე მათგანი მკურნალობის კურსს გადის, თუმცა საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება სრული სიჩუმე პაციენტების მდგომარეობის თაობაზე ამ დრომდე. დე-ფაქტო ადმინისტრაციის მედია-საშუალებები დუმან იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობენ თავს ბიბილოვი და ბეკოევი და რამდენად წარმატებით ართმევენ თავს მკურნალობის პროცესს.

მოიპოვება მხოლოდ ძველი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დე-ფაქტო ადმინისტრაციის ორი ლიდერია დაინფიცირებული, შემდგომი განახლებები კი არ ჩანს. უფრო მეტიც, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის ვებ-გვერდზე ინფორმაცია 18 ოქტომბრის შემდგომ არ განახლებულა. ბოლო სიახლე იქ გენადი ბეკოევის დაინფიცირების შესახებ ცნობაა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ 18 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მის მილოცვას საგადასახადო ორგანიების მუშაკების დღესთან დაკავშირებით.

რაც შეეხება, განახლებულ სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება: 113 ახალი დადასტურებული შემთხვევაა აფხაზეთში (467 ტესტიდან). იქ კოვიდ-ინფექციით 36 მოქალაქეა გარდაცვლილი. კორონავირუსით, მთლიანობაში, 3952 ადამიანი დაინფიცირდა.

ახალი კორონავირუსით ამ დრომდე ხუთი ადამიანია გარდაცვლილი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში. მათ შორის არიან, 65, 47, 88, და 83 წლის მოქალაქეები. მეხუთე პაციენტი სოფელ კვაისადან, 81 წლის ქალი, ორმხრივი პნევმონიით, 27 ოქტომბერს დაიღუპა. დე-ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის თვითმკურნალობას ეწეოდა და სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიაკითხა.

27 ოქტომბერს სულ 132 ტესტი გამოიყენეს დე-ფაქტო ცხინვალში, რომელთაგან კოვიდ-დადებითი 64 აღმოჩნდა.

ანატოლი ბიბილოვი, დე-ფაქტო ცხინვალის პრეზიდენტი ცხინვალში, საცხრამაისო აღლუმზე
ანატოლი ბიბილოვი, დე-ფაქტო ცხინვალის პრეზიდენტი ცხინვალში, საცხრამაისო აღლუმზე

ახალგორში, ამერიკის ხმის ინფორმაციით, ორი ავადმყოფი მკურნალობს, თუმცა დე-ფაქტო ადმინისტრაციის მედია-საშუალებები ამის თაობაზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ: „ლენინგორის რაიონში კორონავირუსით არავინაა დაინფიცირებული დღეის მდგომარეობით“, განაცხადა ზურაბ გობოზოვმა, ახალგორის რაიონის მთავარმა ექიმმა. „კოვიდ 19-ით დაავადების ფაქტი მალევე გვქონდა, რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ და ეს ერთადერთი შემთხვევა იყო. მაშინ პაციენტი ჰოსპიტალის ინფექციურ განყოფილებაში გადავიყვანეთ, სადაც მან მკურნალობის კურსი გაიარა.“

„ცხინვალის რაიონში (იგულისხმება ცხინვალის მიმდებარე სოფლები და არა თავად ცხინვალი, - ნ.დ.)14 პაციენტი გადის მკურნალობას, ყველა მათგანი ამბულატორიულად“, -აცხადებს დმენისის ამბულატორიის ხელმძღვანელის მოადგილე ტატიანა თიბილოვა. „თვითიზოლაციაში გაცილებით მეტი ადამიანია. მათ სპეციალური ტესტირება უტარდებათ და ინფიცირებულთა რაოდენობაც, ცხადია, ყოველდღიურად შეიცვლება. პრობლემა შექმნა თავად მედპერსონალის დაინფიცირებამ. ექიმები დაავადდნენ, მაგრამ ამ ეტაპისთვის ვუმკლავდებით ვითარებას“, - აცხადებს თიბილოვა.

დმენისიდან მძიმე ავადმყოფები ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავთ. ამ დრომდე ასეთი სამი შემთხვევა იყო,- ამბობენ დმენისში, სადაც ახლა უკვე თავად, ადგილზე ცდილობენ ტესტირების ჩატარებას, გამომდინარე იქიდან, რომ დაავადებულთა რაოდენობა იზრდება.

მთლიანობაში, ცხინვალის რეგიონში, დღეის მონაცემებით, 154 ადამიანს აქვს დადასტურებული პნევმონია და გადის მკურნალობას. დე-ფაქტო ადმინისტრაციის მონაცემებით, ამ დრომდე სულ 533 ადამიანს დაუდგინდა COVID-19. ცხინვალში პანდემიის გავრცელების აღრიცხვა 15 სექტემბრიდან იწყება, იმ დროიდან, როდესაც რუსეთის ფედერაციასთან ჩაკეტილი საზღვარი გახსნეს და მიმოსვლა აღდგა. ადმინისტრაციის განცხადებით, გზის ჩაკეტვის საკითხი ამჯერად აღარ განიხილება.

ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხინვალია
ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხინვალია

დაბოლოს, იმ საინტერესო განცხადების თაობაზე, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ გააჟღერა. ეს საზოგადოების მასობრივი მოწამვლის აღკვეთას ეხება. მოწამვლის საფრთხე და საშუალება კი, რა თქმა უნდა, საქართველოსთანაა კავშირში: „ოქტომბრის თვეში ცხინვალის კაგებემ სამი ეთნიკურად ოსი კონტრაბანდისტი დააკავა. მათ საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან, ოსურ სოფელ ხელჩუაში 240 ლიტრი სპირტის შემცველი პროდუქტი გადაიტანეს.“ საზოგადო საფრთხის შემქმნელი პირები, ცხინვალში, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მხოლოდ დააჯარიმეს ადმინისტრაციული წესით და ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 ათასი რუბლი გადაახდევინეს. ასეთი ჰუმანურობა კონტრაბანდისტების მიმართ, ცხინვალის კაგებესთვის საკმაოდ უჩვეულოა. განსაკუთრებით, იმ საშიში სცენარის ფონზე, რის თაობაზეც ცხინვალის კაგებე ავრცელებდა ინფორმაციას - მათივე თქმით, ეს სასმელი რომ მოსახლეობაში გავრცელებულიყო, მასობრივ მოწამვლას გამოიწვევდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG