ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპეციალისტები უზენაესი სასამართლოს ვერდიქტს აკრიტიკებენ


ამერიკის უზენაესი სასამართლო ამერიკის პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებას განიხილავს, რომელიც ექვსი, ძირითადად მუსლიმური ქვეყნიდან ამერიკაში ადამიანების შემოსვლას კრძალავს. ამასობაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების ნაწილი ძალაში შედის. ბრძანება მერილენდის და ჰავაის ფედერალურმა სასამართლოებმა ცოტა ხნის წინ დროებით შეაჩერა.

პრეზიდენტი ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა. ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა აზრის არის იგი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ტრამპმა უპასუხა: „ძალიან კარგია, ძალიან კარგია.“

მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპის განცხადებით გადაწყვეტილება ამერიკის უსაფრთხოების დაცვას შეუწყობს ხელს, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებენ სასამართლოს ვერდიქტს.

„ფაქტი, რომ უზენაესმა სასამართლომ ამ საქმის განხილვა გადაწყვიტა, გულისხმობს ყველა იმ სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფას, რომელთა დასკვნით ეს ნაბიჯი მუსლიმთა წინააღმდეგ უსამართლო და დისკრიმინაციული ზომაა“, - ამბობს სტევენ ჩოი, ნიუ-იორკის საიმიგრაციო კოალიციიდან.

აქტივისტები ასევე აპროტესტებენ უზენესი სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, სადაც საუბარია „უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც დამაჯერებელი და რეალური ურთიერთობა აქვთ ამერიკაში მცხოვრებ პირთან ან კომპანიასთან“, და შესაძლოა მათზე ეს შეზღუდვა გავრცელდეს.

„ეს ძალზედ ბუნდოვანი განმარტებაა. ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას? ის მთავრობა, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანაში მუსლიმი პირები არ შეუშვას?“, - ამბობს ლიზა ფინკბეინერი, ლტოლვილთა დახმარების საერთაშორისო პროექტიდან.

თუმცა სხვები ამბობენ, რომ უზენესი სასამართლოს გადაწყვეტილება ბევრ შეზღუდვას არ აწესებს.

ტრამპის საიმიგრაციო ბრძანება ლიბიიდან, ირანიდან, სომალიდან, სუდანიდან, სირიიდან და იემენიდან მოგზაურობის აკრძალვას გულისხმობს 90 დღის განმავლობაში და აჩერებს აშშ-ის მიერ ლტოლვითა მიღების პროგრამას ამ ქვეყნებიდან. მთავრობის განცხადებით, აღნიშნული აკძალვა ქვეყნის საგარეო საფრთხისგან დაცვის მიზნით არის საჭირო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG