ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ირანთან ომის დასაწყებად მზად იყო


ამერიკული მედიის რამდენიმე წამყვანი საშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის სამიზნეებზე სარაკეტო თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მოგვიანებით მან გადაიფიქრა და იერიში შეაჩერა.

ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის "ტვიტერის" გვერდზეც დაწერა. მისი თქმით, ისინი მზად იყვნენ, რომ შური ეძიათ ამერიკული დრონის ჩამოგდების გამო. "ჩვენ მზად ვიყავით იერიში მიგვეტანა 3 სხვადასხვა სამიზნეზე. რამდენი ადამიანი დაიღუპება? - ვიკითხე მე. 150 ადამიანი, სერ. - იყო გენერლის პასუხი. დარტყმამდე 10 წუთით ადრე მე ის შევაჩერე" - თქვა სოციალურ ქსელზე პრეზიდენტმა ტრამპმა, რადგან ეს ნაბიჯი არაპროპორციულად ჩავთვალე.

"მე არ მეჩქარება" - დასძინა მან. "ჩვენი სამხედრო ძალა გაძლიერებულია, განახლებულია და მზად არის. ამ ეტაპზე, ის მსოფლიოში საუკეთესოა". ბოლოს, პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე" ისიც დაწერა, რომ ირანს ბირთვული იარაღი "არასოდეს" ექნება, არც ამერიკის და არც მსოფლიოს წინააღმდეგ.

ბოლო 24 საათში ამერიკა-ირანს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ ირანმა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი ამერიკული დრონი ჩამოაგდო, თუმცა თეირანის თქმით, დრონი ირანის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.

ამერიკის სარდლობის პრეს-სპიკერი, კაპიტანი ბილი ურბანი ამ ქმედებას უწოდებს შეერთებული შტატების დაზვერვის საკუთრებაზე განხორციელებულ "არაპროვოცირებულ თავდასხმას". უპილოტო დრონი დაზვერვის ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენება და ის ოკეანისა და სანაპირო რეგიონების თავზე დაფრინავს. ამერიკის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ირანმა ამერიკული დრონის ჩამოგდება გასულ კვირასაც სცადა.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მანამდე ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერზე განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა. ამერიკული მხარე 13 ივნისს მომხდარ თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აფეთქების მოწყობის დამადასტურებელი ვიდეო-მასალა აქვს. თეირანი ბრალდებებს უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG