ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ადმინისტრაციის მომავალი წევრების დასახელებას განაგრძობს


თეთრი სახლი
თეთრი სახლი

ექვს კვირაზე ნაკლები რჩება ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე. უკანასკნელი კვირის განმავლობაში, ტრამპმა თავდაცვის, გარემოს დაცვის, შიდა უსაფრთხოების და განსახლების დეპარტამენტების მმართველ პოზიციებზე საკუთარი არჩევანი გამოაცხადა. მომავალი კაბინეტის ეს ნომინირებული წევრები კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

ტრამპის მიერ შერჩეული კანდიდატების ნაწილი ოპონენტების მხრიდან კრიტიკის და უთანხმოების მიზეზი გახდა. სკოტ პრუიტი, ოკლაჰომის შტატის გენერალური პროკურორი, ტრამპმა გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად წარადგინა.

პრუიტს ხშირად აკრიტიკებენ კლიმატის ცვლილებებსა და გლობალურ დათბობაზე მისი სკეპტიკური შეხედულებების გამო. ის კლიმატური ცვლილებების კუთხით ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოლიტიკის ეწინააღმდეგება. მან ობამას გეგმა, რომლის მიხედვითაც შტატებს 2030 წლისთვის ემისიების 32 პროცენტით შემცირება ევალებოდათ, დაბლოკა. მისი თქმით, პროგრამა ძალიან ძვირი ჯდება და მისი 2030 წლისთვის განხორციელება შეუძლებელია.

ასევე ბევრი გააკვირვა ნეიროქირურგი ბენ კარსონის კანდიდატურამ, რომელიც განსახლების და ურბანული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელად მოიაზრება. თუმცა, ტრამპი განსხვავებულად ფიქრობს. „ჩვენ ვაკომპლექტებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კარგ კაბინეტს,“ განაცხადა მომავალმა პრეზიდენტმა.

ერაყის ომის ვეტერანი, საზღვაო ქვეითების გადამდგარი გენერალი ჯონ კელი ტრამპის ადმინისტრაციაში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს გაუძღვება. მას ტერორიზმთან ბრძოლა და ტრამპის საემიგრაციო სისტემის რეფორმა დაევალება.

ოთხშაბათს, ტრამპი ჩიკაგოს მერს, რამ ემანუელს შეხვდა, რომელმაც 14 ამერიკელი მერის მიერ ხელმოწერილი მიმართვა გადასცა მომავალ პრეზიდენტს, სადაც ხელმომწერები ტრამპს თხოვენ არალეგალურად მცხოვრები უცხოელი სტუდენტები დაიცვას.

„ისინი ცდილობენ ამერიკული ოცნების მიღწევას. ის რომ მათი მშობლები აქ ჩადმოვიდნენ საცხოვრებლად, მათ ბრალი არაა. ჩვენ მათით უნდა ვამაყობდეთ და მათ უნდა წარმოვაჩენდეთ,“ განაცხადა მერმა.

ტრამპის ადმინისტრაციაში ამერიკის პროფესიონალური ჭიდაობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლინდა მაკმაჰონი მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.

ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მაკმაჰონმა განაცხადა: „ჩვენ ვისაუბრეთ ბიზნესზე და მეწარმეობაზე, ასევე სამუშაო ადგილების შექმნაზე, და მცირე ბიზნესის მართვაზე."

ხუთშაბათს, ტრამპი აიოვის გუბერნატორს ტერი ბრენდსტადს შეხვდა და მას ჩინეთში ელჩის პოსტი შესთავაზა. რესპუბლიკელი გუბერნატორი ცნობილია მისი კავშირებით ჩინეთთან. ის ასევე მეგობრობს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. მისმა კანდიდატურამ სხვა ნომინატებთან შედარებით ნაკლები კრიტიკა დაიმსახურა.

ტრამპის ხელისუფლების გადაცემაზე მომუშავე გუნდი, მომავალ კვირას დანარჩენ კანდიდატებს დაასახელებს. ტრამპის თქმით, მან კანდიდატების ვრცელი სიიდან ფავორიტები აარჩია. სახელმწიფო მდივნის პოსტზე განხილულ კანდიდატთა სია ახლა უკვე რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლება. ტრამპის თქმით, მათ შორის ჯერ კიდევ განიხილება მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი მიტ რომნი.

XS
SM
MD
LG