ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ბიზნესმენ პრეზიდენტს 4 ივლისის "რებრენდირება" სურს


2018 წლის 4 ივლისი ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან
2018 წლის 4 ივლისი ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან

ხუთშაბათს, 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები მთავარ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ისტორიულად, ეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სახალხო დღესასწაულია, რომელიც აქამდე, ტრადიციულად, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ან პოლიტიკურ პირთან არ ასოცირდებოდა.

მაგრამ, ამერიკის ბიზნესმენმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ დღესასწაულში თავადაც ჩაერთოს და ასევე, ტრადიციულ კონცერტს და ფოიერვერკებს სამხედრო ძალების ჩვენებაც დაუმატოს. ანალიტიკოსებმა ტრამპის ამ გადაწყვეტილებას დღესასწაულისთვის ახალი ბრენდის მიცემა, ერთგვარი "რებრენდირება" დაარქვეს.

პირველად თანამედროვე ისტორიაში, 4 ივლისის საღამოს, პრეზიდენტი ერს ლინკოლნის მემორიალის საფეხურებიდან მიმართავს. იქვე, სპეციალურად ამ გამოსვლისთვის, ასევე პირველად მზადდება "ვი-აი-პი" სექცია, რომლის ბილეთებიც თეთრი სახლის ბინადრებს და თანამშრომლებს გაუნაწილდება.

1776 წლის 4 ივლისს მიღებული დეკლარაციით, ამერიკის 13-მა კოლონიამ თავის მოქალაქეებს და მსოფლიოს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა აცნობა და შეერთებული შტატები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 1870 წლიდან 4 ივლისი ფედერალური დღესასწაულია.

ამერიკის პრეზიდენტები, რა თქმა უნდა, ამ თარიღის აღსანიშნავ დღესასწაულებში მონაწილეობას სულ იღებდნენ, მაგრამ თავს იკავებდნენ ვაშინგტონში, ეროვნულ მოლზე მიმდინარე მთავარ მოვლენებში გამოჩენისგან. თუმცა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგი ისტორიკოსი შიშობს, რომ 4 ივლისს პრეზიდენტი ტრამპი მომავალ არჩევნებზე საკუთარი და თავისი პარტიის გამარჯვების პლატფორმად იყენებს.

"ის ამ დღესასწაულს, რომელიც ეროვნული ზეიმი უნდა იყოს, საკუთარ დღესასწაულად აქცევს" - ამბობს მარი ნორტონი, კორნელის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი. ამით ზეიმის ბუნება იცვლება - აცხადებს ჯიმ გროსმანი, ამერიკის ისტორიკოსთა ასოციაციის დირექტორი. მისი თქმით, "ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილება ყოველთვის ცუდია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ღონისძიება ნაკლებად დემოკრატიული ხდება... ნაკლებად დემოკრატიული და უფრო პარტიული. ეს პოლიტიკური პარტიის [ზეიმი] არ არის. ეს კონკრეტული ადამიანის [ზეიმი] არ არის... ეს დემოკრატიის დღესასწაულია".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG