ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ობამას კრიტიკას პასუხობს: "ის უკიდურესად არაკომპეტენტური პრეზიდენტი იყო"


შაბათს, კოლეჯის კურსდამთავრებულებისადმი მიმართვაში, შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თქვა, რომ ახალ კორონავირუსს ამერიკაში ბევრი არაკომპეტენტური ადამიანი მართავს. "ამ პანდემიამ მთლიანად, საბოლოოდ ჩამოხსნა ფარდა ეჭვს, თუ რამდენად ბევრმა მმართველმა არ იცის, რას აკეთებს" - განაცხადა ექსპრეზიდენტმა, თუმცა კონკრეტულად მას არავინ დაუსახელებია.

ბარაკ ობამას მიმართვა სტუდენტებისადმი
ბარაკ ობამას მიმართვა სტუდენტებისადმი

კვირას, როცა დონალდ ტრამპს ობამას ამ სიტყვებზე კომენტარი სთხოვეს, ამერიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა განაცხადა: "იცით რა, ის არაკომპეტენტური პრეზიდენტი იყო, მარტო ამის თქმა შემიძლია. უკიდურესად არაკომპეტენტური".

შეერთებული შტატები თვეზე მეტია პანდემია კოვიდ-19 ეპიცენტრია. ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი. ახალი კორონავირუსის გართულებებით გარდაიცვალა თითქმის 91 000 ამერიკელი.

ოფიციალური პროგნოზებით, კოვიდ-19-ის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა აგვისტომდე 147 000-მდე გაიზრდება. კრიტიკოსები თვლიან, რომ ამერიკამ დააგვიანა პანდემიაზე რეაგირება და მისი მართვის პროცესში, დასაწყისშივე დაკარგა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე დღეები.

პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრა გუბერნატორებთან
პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრა გუბერნატორებთან

დღეს, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუბერნატორებთან და სამედიცინო ინდუსტრიის ლიდერებთან მორიგ შეხვედრას მართავს. მთავარი თემა შტატების გახსნა და ეკონომიკის ამუშავებაა. ბიზნესების უმეტესი ნაწილის დახურვა და მზარდი უმუშევრობა ქვეყნის ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს.

ფედერალური სარეზერვო ფონდის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა თქვა, რომ ეტაპობრივი გახსნის მიუხედავად, უმუშევრობის ზრდას ივნისშიც ელიან. შესაბამისად, პაუელი ფიქრობს, რომ მთავრობის ფინანსური დახმარება ამერიკულ ოჯახებს კიდევ 3-დან 6 თვემდე დასჭირდებათ.

ამერიკის 50 შტატის უმეტესი ნაწილი კარანტინის დროს დაწესებული შეზღუდვების მოხსნას თანდათანობით იწყებს. მოსახლეობას მოუწოდებენ ჯერ კიდევ დაიცვას სოციალური დისტანცირების რეგულაცია. ბევრ შტატში შენობაში და საჯარო ადგილებში ნიღბის ტარება ისევ აუცილებლობად რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG