ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს ეკონომიკის სტიმულირებისთვის ტრილიონი დოლარის გამოყოფა სურს


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის ფარგლებში, ტრილიონი დოლარის ამოქმედებას ითხოვს. ეს შესაძლოა მოაიცავდეს ინდივიდუალურად, ამერიკელებისთვის 1000-1000 $-ის პირდაპირ ჩარიცხვასაც. თუმცა, მისი კონკრეტული შეთავაზების დეტალები კვლავ უცნობია.

ინფიცირების შემთხვევები უკვე 50-ივე შტატშია დაფიქსირებული. დაავადებულთა ამ ეტაპზე დადასტურებული რაოდენობა კი 6400-ს აღწევს. მილიონობით ამერიკელი სახლში რჩება და არ მიდის სკოლაში, სამსახურში.

ნიუ-იორკში ციფრები განსაკუთრებით სწრაფად იზრდება. მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ ის განიხილავს იმ შესაძლებლობას, რომ მოსახლეობას მოუწოდოს, სახლში დარჩეს და არ გამოვიდეს გადაუდებელი აუცილებლობის - სამედიცინო დახმარების თუ საკვების ყიდვის გარდა, სხვა დანიშნულებით. თუმცა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მუშაობა ისედაც უკვე შეზღუდულია.

ამ გადაწყვეტილების ამჟამად მიღებას ჯერჯერობით არ ეთანხმება გუბერნატორი. "ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ასეთი რამ აქამდე არასდროს გაგვიკეთებია", - ამბობს შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო.

სან-ფრანცისკოს დაახლოებით 6.7 მილიონმა მოსახლემ ასეთი მითითება უკვე მიიღო. ისინი სახლებში 7 აპრილამდე უნდა იყვნენ და უკიდურესი საჭიროების გარეშე, სახლიდან არ გამოვიდნენ. საკვები ობიექტები, ბარები, სპორტული დარბაზები და სხვა არაკრიტიკული საჭიროების ბიზნეს-ობიექტები უკვე დაიხურა. თუმცა, ჯერ კიდევ გახსნილია მარიხუანის დამზადება-გაყიდვის ობიექტები, რადგან კანაფი ჯანდაცვის უწყებების მიერ მნიშვნელოვან მედიკამენტადაა გამოცხადებული.

ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები გამოჩნდა კენტუკის და ილინოისის შტატებში. გარდაცვლილთა რაოდენობა ამერიკაში 108-ს აღწევს. ჩიკაგოს გარეუბანში მდებარე ხანდაზმულთა ზრუნვის ერთ-ერთ ცენტრში 22 ადამიანია ინფიცირებული. ვაშინგტონის შტატში გარდაცვლილი 52 მოსახლიდან ბევრი სიეტლის გარეუბანში მდებარე ამგვარი ცენტრის მცხოვრები იყო. შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა პაკეტს, რომლის თანახმადაც, 200 მილიონი დოლარი უსახლკაროთა დახმარებისა და ვირუსთან საბრძოლველი სხვა ღონისძიებებისთვის გამოიყოფა. კალიფორნიის გუბერნატორმა მილიარდი დოლარი მიმართა ამ კუთხით, ჯორჯიის გუბერნატორმა კი 100 მილიონი.

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის მოადგილეებს აქვთ მიღებული ბრძანება იმის თაობაზე, რომ შეძლებისდაგვარად ნაკლები ადამიანი დააკავონ, საპატიმროებში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. ოჰაიოს გუბერნატორის ბრძანებით, გეგმიური ოპერაციებიც გადაიდო იმისთვის, რომ საავადმყოფოების სივრცე გამოთავისუფლდეს.

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ამერიკელი სამხედროები შეიძლება საველე ჰოსპიტლების მოწყობაში ჩაერთონ, თუკი ამას მათ შტატის გუბერნატორები სთხოვენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG