ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი უზენაესი მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს შეხვდა


სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ორშაბათს, უზენაესი მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს შეხვდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია რუთ ბეიდერ გინსბურგის ადგილას 5 კონერვატორ ქალ მოსამართლეს განიხილავენ.

87 წლის მოსამართლე, რომელიც ქალთა უფლებებისა და სამართლიანობის სიმბოლოდ იქცა, პარასკევს, კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ გინსბურგის ხსოვნის პატივსაცემად ახალ კანდიდატს მისი დასაფლავების შემდეგ დაასახელებს. თუმცა, გინსბურგის სურვილი იყო, რომ ახალი კანდიდატურა სენატს მხოლოდ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ განეხილა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ახსენა მოსამართლე ემი კონი ბარეტი და ბარბარა ლაგოა. თუმცა, არ დაუდასტურებია რომელიმე მათგანთან შეხვედრა. ოჰაიოში, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს კი პრეზიდენტმა თქვა, რომ დიდი ალბათობით, ახალ კანდიდატს პარასკევს, ან შაბათს დაასახელებს. "ეს იქნება ბრწყინვალე პიროვნება", თქვა პრეზიდენტმა.

ბარეტი 48 წლისაა, ის კათოლიკეა და ისიც, ისევე როგორც 52 წლის კუბური წარმოშობის ამერიკელი ლაგოა, კონსერვატორი მოსამართლეები არიან.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, შესაძოა ლაგოას მოგვიანებით, ამ კვირის ბოლოს შეხვდეს, როდესაც მაიამიში იქნება. "მე მას არ ვიცნობ, მაგრამ გამიგია, რომ ის შესანიშნავია", თქვა პრეზიდენტმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას ამერიკაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც პრეზიდენტი იღებს და რასაც შემდეგ წლების და ზოგჯერ, საუკუნეების განმავლობაშიც გავლენა აქვს ამერიკელების ბედზე. სწორედ უზენაესი სასამართლო წყვეტს ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დავის ბედს და იღებს გადაწყვეტილებებს ისეთ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად საიმიგრაციო პოლიტიკა, აბორტისა და ქორწინების უფლება, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია და ა.შ

უზენაესი სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება, ისინი თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე რჩებიან. ახლა კონსერვატორებს უზენაეს სასამართლოში ხმების სულ მცირე უპირატესობა აქვთ. სასამართლოში 5 კონსერვატორი და 4 ლიბერალი მოსამართლე იყო რუთ ბეიდერ გინსბურგის ჩათვლით. თუ პრეზიდენტი კონსერვატორ მოსამართლეს წარადგენს და მის კანდიდატურას სენატი მხარს დაუჭერს, მაშინ ძალთა ბალანსი კონსერვატორების მხარეს გაიზრდება და ხმები ექვის სამის წინააღმეგ გადანაწილდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG