ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი და მედია გასულ წელს


ექვსი თვის წინ, გაზეთში გამოქვეყნებული სტატიით გაბრაზებულმა თავდამსხმელმა გამოცემა „კაპიტოლ გაზეთის“ ხუთი თანამშრომელი მოკლა. გამოცემის რედაქტორი რიკ ჰუცელი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, ისინი მუშაობას აგრძელებენ.

„რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოა, სასიცოცხლოა ჩვენი ცხოვრებისთვის.“

მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში მდებარე ამ გაზეთის თანამშრომლებმა გამოცემა "ტაიმსის“ „წლის ადამიანის“ წოდება მოიპოვეს. გამოცემამ წლის ადამიანის წოდება იმ ჟურნალისტებს მიანიჭა, რომლებსაც დიდი რისკის ფასად უწევთ პროფესიული საქმიანობის შესრულება.

„ჩვენი მეგობრების სიკვდილი ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებას ცვლის. ადამიანებს უფრო კარგად ესმით ჩვენი საქმიანობის ღირებულება. ჩვენ ეს დიდი ფასი დაგვიჯდა“, - ამბობს რედაქტორი.

პირველად ისტორიაში, შეერთებული შტატები ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“ იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც ჟურნალისტების მკვლელობის შემთხვევები ბევრია. ოქტომბერში, ტრამპის მხარდამჭერმა ტელეარხ „სი-ენ-ენს“ და პრეზიდენტის ცნობილ ოპონენტებს, ბომბი გაუგზავნა. კრიტიკოსები პრეზიდენტ ტრამპს ბრალს სდებენ, რომ ის დაპირისპირებას აღვივებს, როცა მედიას „ხალხის მტრად“ მოიხსენიებს.

„მედიის როლი მთავრობის კრიტიკაა, და შემაშფოთებელია, როცა ამას წარმოაჩენ, როგორც არა-პატრიოტულს“, - ამბობს ლატა ნოტი, კონსტიტუციის პირველი შესწორების ცენტრიდან.

პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები უარყოფენ, რომ მისი კომენტარები დაპირისპირებას აღვივებს.

„მედიის მუდმივი არასამართლიანი გაშუქება, და ნეგატიური თავდასხმები, მხოლოდ ხალხის დაყოფას და ჯანსაღი დებატებისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება“, - ამბობს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ტრამპს "სი-ენ-ენი“ ჰყავს სამიზნეში ამოღებული. მან ტელეარხის ჟურნალისტს, ცხარე კამათის შემდეგ აკრედიტაცია ჩამოართვა. სი-ენ-ენმა იჩივლა და შედეგად, ადმინისტრაციამ ჯიმ აკოსტას თეთრი სახლის საშვი აღუდგინა.

კიდევ ერთი გამოწვევა ტრამპის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გამოყენებაა. ამით პრეზიდენტი გვერდს უვლის ტრადიციული კომუნიკაციის არხებს.

„შეგიძლიათ ესაუბროთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მაღალი თანამდებობის მქონე მრჩეველს, მას სერიოზულ, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ჰკითხოთ, და ეს ადამიანი გეტყვით თუ როგორია ადმინისტრაციის რეაქცია, თუმცა ბოლოს, გარდაუვალია რომ არ გითხრათ, ‘ბოსს ტვიტერზე ჯერ ეს არ დაუწერია“, - ამბობს ოლივიერ ნოქსი, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციიდან.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მედიისთვის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი პრეზიდენტია იმ პერიოდში, რაც მას პრეზიდენტის პოსტი უკავია. მაგალითად, ის პრესას პირისპირ 560-ზე მეტჯერ ესაუბრა, უფრო მეტჯერ ვიდრე მისი წინამორბედები, იმავე დროში.

ტრამპი ხშირად პასუხობს შეკითხვებს თეთრი სახლში. პრეზიდენტს, პრესასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, პირდაპირი ინტერაქცია ურჩევნია. ასეთი ურთიერთობა უფრო ხშირია ახლა, ამბობენ თეთრ სახლში, ვიდრე მისი სპიკერის მიერ პრესისთვის ბრიფინგების გამართვა, რასაც მისი წინამორბედი ადმინისტრაციები თითქმის ყოველ დღე აკეთებდნენ.

2018 წლის ბოლო თვეებში, თეთრი სახლი თვეში მხოლოდ ერთ პრეს-ბრიფინგს მართავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG