ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ლითონზე ტარიფების დაწესებას შესაძლოა ხელი დღეს მოაწეროს


Trump

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს ხელი მოაწეროს ბრძანებას, რომელიც ამერიკაში ლითონის იმპორტზე ტარიფს დააწესებს. თეთრი სახლის თქმით, ამერიკის სავაჭრო პარტნიორების ნაწილისთვის გამონაკლისი იქნება დაშვებული. მექსიკას და კანადას 30 დღიანი ვადა მიეცემათ, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს.

ტრამპმა "ტვიტერზე" ხუთშაბათს განაცხადა: „ჩვენ უნდა დავიცვათ და ავაშენოთ ჩვენი ლითონის და ალუმინის ინდუსტრია და ვაჩვენოთ მოქნილობა და თანამშრომლობა მათ მიმართ, ვინც რეალური მეგობარია ჩვენ სამართლიანად გვეპყრობა, როდესაც საქმე ვაჭრობასა და შეიარაღებას შეეხება“.

ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ტარიფები ძალაში ტრამპის მიერ ბრძანების ხელის მოწერიდან 2 კვირაში შევა. ოთხშაბათს, წარმომადგენელთა პალატის წევრთა ნაწილმა პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც ისინი მისგან ნეგატიური შედეგების მინიმალიზებას ითხოვენ ტარიფების დაწესების შემთხვევაში.

ტრამპის თქმით, ტარიფები არ გავრცელდება კანადასა და მექსიკაზე, თუ ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (NAFTA) ხელახალი მოლაპარაკებები "სამართლიანად" დასრულდება.

„უკვე დიდი ხანია NAFTA კატასტროფულია“, თქვა ტრამპმა. „ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ NAFTA-ზე, როგორც ამას მე ვაპირებდი და თუ ვერ მივაღწევთ შეთანხმებას, NAFTA-ს გავაუქმებ. თუმცა, თუ მოხდება სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, ამერიკელი ხალხისა და მშრომელთათვის, ერთ-ერთი რასაც შევათანხმებთ კანადისა და მექსიკისთვის ლითონის იმპორტის საკითხია“, თქვა ტრამპმა.

სამი ქვეყანა NAFTA-ს ცვლილებებზე მუშაობს. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი მეხიკოში გაიმართა.

სავაჭრო ომის დაწყების შიშმა გლობალურ საფონდო ბირჟებზე აქციების ფასის ვარდნა გამოიწვია. ამასთან, საკითხზე განსხვავებული მოსაზრებების ქონის გამო, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი მრჩეველი ვაჭრობის სფეროში თანამდებობიდან გადადგა.

ტრამპის ადმინისტრაციაში გარი კოენი ლითონის იმპორტზე 25 და ალუმინის იმპორტზე 10 პროცენტიანი ტარიფის დაწესების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის და გამეტარებინა ამერიკელი ხალხის სასარგებლო ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი პოლიტიკა”, თქვა კოენმა განცხადებაში, რომელიც თანამდებობის დატოვებისას გააკეთა.

კოენმა, როგორც ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა, არაერთხელ სცადა პრეზიდენტი ტრამპი დაერწმუნებინა, რომ ტარიფების დაწესებას უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა. თუმცა, ტრამპმა გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ლითონის იმპორტზე ტარიფებს რამდენიმე დღეში დააწესებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG