ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი განაგრძობს დემოკრატ კონგრესმენ ქალებზე თავდასხმას


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აგრძელებს უმცირესობის წევრ 4 კონგრესმენზე, ილჰან ომარზე, ალექსანდრა ოკასიო-კორტესზე, აიანა პრესლისა და რაშიდა თლაიბზე, თავდასხმას. დღეს მან კონგრესმენი ქალები ასე დაახასიათა: „რასისტული ჯგუფი, პრობლემების შემქმნელი ხალხი, რომელიც ახალგაზრდა, გამოცდილების არმქონე და არც ისე ჭკვიანია.“

ტრამპმა ჯერ თქვა, რომ ამ კონგრესმენ ქალებს არ შეეძლოთ ამერიკის სიყვარული, შემდეგ კი ტვიტერზე დაწერა, რომ „მათ ერთ დროს დიდებული დემოკრატიული პარტია ზედმეტად მარცხნივ მიჰყავთ და ისინი ჰუმანიტარული დახმარების წინააღმდეგი იყვნენ საზღვარზე... ახლა იმიგრაციისა და საბაშო სამსახურისა და შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგი არიან. ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის!“

ტრამპის თავდასხმა კონგრესმენ ქალებზე რამდენიმე ხანია გრძელდება. თავიდან ის მოუწოდებდა დემოკრატ კონგრესმენებს „უკან დაბრუნებულიყვნენ“ თავიანთ ქვეყნებში და იქ მოეგვარებინათ პრობლემები, ვიდრე ამერიკას მისცემდნენ რჩევებს რა და როგორ გაეკეთებინა. არადა ოთხივე კონგრესმენი ამერიკის მოქალაქეა, სამი მათგანი ამერიკაში დაიბადა და გაიზარდა, მეოთხე კი სომალიშია დაბადებული, რომელიც ამერიკაში ლტოლვილის სტატუსით ჩამოვიდა, თუმცა დღეს ამერიკის ნატურალიზებული მოქალაქეა.

დემოკრატებმა და ზოგიერთმა რესპუბლიკელმა მკაცრად გააკრიტიკა ტრამპის სიტყვები და ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც "გმობს პრეზიდენტ ტრამპის რასისტულ კომენტარებს." დემოკრატების გარდა, რეზოლუციას ოთხმა რესპუბლიკელმაც მისცა ხმა. მიუხედავად ამისა, ტრამპი მაინც განაგრძობს კონგრესმენი ქალების შეურაცხყოფას.

ტრამპის გამოსვლების საპასუხოდ, დემოკრატმა ომარმა თქვა, რომ „მჯერა, რომ ის [ტრამპი] ფაშისტია.“

ტრამპის ადმინისტრაციის წევრებმა პრეზიდენტის დაცვა მედიასთან საუბარში სცადეს. მაგალითად, პრეზიდენტის მრჩეველმა იმიგრაციის საკითხები სტეფან მილერმა ტელეკომპანია "ფოქს ნიუსს" უთხრა, რომ 2016 წელს ტრამპის მიერ კრიტიკული კომენტარების ამერიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით ქვეყნის სიყვარულით იყო განპირობებული.

კონგრესმენი ელაია ქამმინგსი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკას იძიებს. მან ტელეკომპანია ABC-სთან საუბარში თქვა, რომ ტრამპი რასისტია. „ეჭვი არ მეპარება, ამაში,“ თქვა კონგრესმენმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG