ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა პუტინს არჩევნებში კიდევ ერთხელ გამარჯვება მიულოცა


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით საუბრისას არჩევნებში კიდევ ერთხელ გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ერთმანთს მალე შეხვდებიან.

“ერთმანეთს ალბათ არც ისე შორ მომავალში შევხვდებით იმისთვის, რომ განვიხილოთ იარაღი და გამალებული შეიარაღება,” უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან შეხვედრამდე.

ტრამპის თქმით, გამალებული შეიარაღება კონტროლიდან გასვლის საფრთხის წინაშეა, მაგრამ დასძინა, რომ შეერთებული შტატები “არავის მისცემს უფლებას იმასთან თუნდაც ახლოს მივიდეს, რაც ჩვენ გვაქვს.”

პრეზიდენტის თქმით, ორმხრივ შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ უკრაინის, სირიის და ჩრდილოეთ კორეის თემაზე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა ტრამპმა ყურადღება გაამახვილა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებსა და დიალოგის გაგრძელებაზე “ეროვნული უსაფრთხოების ერთობლივ პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG