ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის მთავრობა რამდენიმე თვეა მძიმე კრიზისში იმყოფება


ლიბანის მთავრობა რამდენიმე თვეა მძიმე კრიზისში იმყოფება
ლიბანის მთავრობა რამდენიმე თვეა მძიმე კრიზისში იმყოფება

ლიბანის ახალი პრემიერ-მინისტრი მთავრობის ჩამოყალიბებას ცდილობს. ამ დროს გრძელდება დებატები გაეროს გამოძიების შესახებ, რომელიც 2005 წელს ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობას ეხება.

ლიბანის მთავრობა რამდენიმე თვეა მძიმე კრიზისში იმყოფება, მას შემდეგ რაც ჰააგის ტრიბუნალმა განაცხადა, რომ 2005 წლის ტერაქტის კვალი შიიტურ დაჯგუფება „ჰეზბოლამდე“ მიდის, რომელიც ირანის და სირიის მხარდაჭერით სარგებლობს.

„ჰეზბოლამ“ ლიბანის მთავრობისგან გაეროს გამოძიებასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა მოითხოვა. „ჰეზბოლას“ როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო ფრთა 2005 წლის 14 თებერვალს ლიბანის პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ბეირუთის სანაპიროზე განხორციელებული უძლიერესი აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა.

მდგომარეობა დაიძაბა 12 იანვრის შემდეგ, როდესაც „ჰეზბოლამ“ რაფიკ ჰარირის ვაჟის, საად ჰარირის მთავრობა დატოვა. ახლა ლიბანს ახალი პრემიერი ჰყავს, მილიარდერი ნაჯიბ ნიკატი, რომელიც 2005 წელს მცირე ხნით უკვე იყო ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარე. მისი აზრით საერთაშორისო ტრიბუნალი რეალობაა და მასთან თანამშრომლობის თუ ურთიერთობის გაწყვეტის საკითხი ეროვნული დიალოგის შედეგად უნდა გადაწყდეს.

მაგრამ როგორც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და საად ჰარირის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი იბრაჰიმ ნაჯარი მიიჩნევს ახალ მთავრობას საერთაშორისო ტრიბუნალთან ურთიერთობა გაუჭირდება:“ ბატონი ნიკატის განცხადებები ეწინააღმდეგება ტრიბუნალის დირექტივებს და ამ მთავრობისთვის შეუძლებელი იქნება მათი რეკომენდაციების გაზიარება.“

მაგრამ ექსპერტების აზრით ლიბანის მთავრობას გაუჭირდება ტრიბუნალის მუშაობის იგნორირება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს ინიციატივით არის შექმნილი. ასე რომ მისი უფლებამოსილების შეჩერება მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს შეუძლია. რაც ნაკლებად არის მოსალოდნელი.

ნაჯიბ ნიკატის მთვარობას სამი არჩევანი აქვს. გააუქმოს ტრიბუნალთან ლიბანის მთავრობის თანამშრომლობის ხელშეკრულება, შეწყვიტოს საერთაშორისო სასამართლოს მუშაობის დაფინანსება, ან გამოიყვანოს 4 ლიბანელი მოსამართლე ტრიბუნალის 12 კაციანი შემადგენლობიდან.

როგორც ლიბანელი პარლამენტარი, „ჰეზბოლას“ მოკავშირე თავისუფალ პატრიოტთა მოძრაობის წევრი ალენ აუნი მიიჩნევს საერთაშორისო ტრიბუნალის მუშაობის იგნორირება შეუძლებელია:“ ბატონი მიკატის მთავრობა ამ ორი პოზიციის შეჯერებას ცდილობს. რა თქმა უნდა ტრიბუნალის მუშაობის შეჩერება შეუძლებელია, რადგან ეს დამოუკიდებელი ორგანოა, მაგრამ უნდა მოხდეს ლიბანის პოზიციის ჩამოყალიბება ამ საკითხთან დაკავშირებით.“

ბატონი მიკატი რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა, რადგან საად ჰარირის მომხრეები არ აპირებენ იმ მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც საერთაშორისო ტრიბუნალთან ურთიერთობას გაწყვიტავს. ამიტომ ნაჯიბ მიკატი ტექნოკრატებისგან შემდგარი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას აპირებს.

როგორც ლიბანის ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტოლოგი იმად სალამიუ ამბობს:“ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული როგორ განცხადებას გააკეთებს საერთაშორისო ტრიბუნალი, ამიტომ საად ჰარირის და „ჰეზბოლას“ მომხრეები ჯერ-ჯერობით პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ერიდებიან.“

ტრიბუნალთან დაკავშირებით კიდევ ერთი პრობლემა არსებობს, თუ როგორ განვითარდება ლიბანის მომავალი ურთიერთობა საერთაშორისო საზოგადოებასთან. როგორც საად ჰარირის მრჩეველი მუჰამედ ჩათა აცხადებს: “თუ ლიბანი ამ ნაბიჯს გადადგავს მაშინ გარკვეული კითხვები გაჩნდება. ყველა ქვეყანა გაგებით ეკიდება ლიბანის პრობლემებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მათაც დაფიქრება მოუწევთ.“

ანალიტიკოსები შიშობენ რომ ეს ქვეყნები შეიძლება ბრიტანეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები აღმოჩნდნენ, რომლებიც აფინანსებენ საერთაშორისო ტრიბუნალის მუშაობას. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები აშკარაა, რომ გაეროს სპეციალური ტრიბუნალის მუშაობამ უდიდესი გავლენა მოახდინა ლიბანის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

XS
SM
MD
LG