ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორი მმართველობა დამყარდება ეგვიპტესა და ტუნისში?


როგორი მმართველობა დამყარდება ეგვიპტესა და ტუნისში?

ავტორიტარულიდან დემოკრატიულ მმართველობაზე გადასასვლელად რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხურის გავლა აუცილებელი იქნება

სახალხო აჯანყებების შედეგად ეგვიპტესა და ტუნისში ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია, როგორი მმართველობა დამყარდება ამ ქვეყნებში. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ავტორიტარულიდან დემოკრატიულ მმართველობაზე გადასასვლელად რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხურის გავლა აუცილებელი იქნება.

ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში 1980-იან და 1990-იან წლებში მმართველობა ჩრდილოეთ აფრიკის მსგავსად შეიცვალა. იქ, ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა ტალღამ წინა მთავრობების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებთან და ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით სამართლებრივი ზომების განხორციელება გადაწყვიტა. ახალმა მთავრობებმა გარკვეული პროცედურები ჩაატარეს, რომლებსაც მოგვიანებით „გარდამავალი სამართალი“ დაერქვა.

ჰენი მეგალი ნიუ იორკში დაფუძნებული ორგანიზაცია, გარდამავალი სამართლის საერთაშორისო ცენტრის ვიცე პრეზიდენტია. მისი თქმით, არაბულ სამყაროს საშუალება აქვს ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილებაზე დაყრდნობით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას მმართველობის წარმატებული ტრანზიციისთვის:

„სისხლის სამართლის კოდექსი და ანგარიშვალდებულების დაკისრება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლელების უხეშ დარღვევებსა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი; დაზარალებული მხარისთვის რეპარაციების გადახდა; წარსულში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა; იურიდიული და სტრუქტურული რეფორმების გატარება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის უწყებები და პროცესები, რომლებიც წარსულში დარღვევებს ხელს უწყობდა ახალ სისტემაში აღარ არსებობს.“

მეგალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარდამავალი საფეხურები ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის აუცილებელია, მათ განხორციელებას ხშირად წლები სჭირდება. მეგალი აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების უზენაეს საბჭოს, რომელიც ამჟამად ეგვიპტეს მართავს, და ტუნისის დროებით მთავრობას აღნიშნული ზომების განხორციელება ჯერ არ დაუწყიათ. ამ ქვეყნებში ისევ არსებობს უშიშროების სამსახურები, რომლებიც სამოქალქო საზოგადოების რეპრესიებისთვისა იყო შექმნილი:

„სხვა ქვეყნების გამოცდილების შეფასებაზე დაყრდნობით - იქნება ეს სამხრეთ აფრიკა, ლათინური ამერიკა თუ აზია - აღნიშნული პროცესების დანერგვას რამდენიმე წელი სჭირდება. ჩემი აზრით, გაკევეთილი, რომელიც ამ ქვეყნებისგან უნდა ვისწავლოთ არის ის, რომ ექვს თვეში ან ერთ წელში დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნება.“

მეგალის თქმით, მიუხედავად იმისა, თუ პირველ რიგში რომელი რეფორმების გატარებას დაისახავს მთავრობა, აუცილებელია გარდამავალი სამართლის ყველა კომპონენტის თავიდანვე ამუშავება.

ბრაიან გროდსკი მერილენდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი და წიგნი „სამართლის საფასურის“ ავტორია. მისი თქმით, როგორც ტუნისში ასევე ეგვიპტეში, ახალმა მთავრობებმა გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღონ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. თუმცა უწინარეს ყოვლისა, ახალმა ლიდერებმა ხალხის ნება უნდა გაითვალისწინონ:

„ამომრჩევლებს ხელისუფლების შესაცვლელად მიზეზი ჰქონდათ - რაც იმაში მდგომარეობდა , რომ ხალხი დაიღალა კორუფციით და არა-დემოკრატიულ რეჟიმებში პოლიტიკური გამჭვირვალობის არ არსებობით. მოსახლეობას ეკონომიკური პირობების, ცხოვრების სტანდარტის და პირადი უსაფრთხოების გაუჯობესება სურდა. ხელისუფლბაში ახლად მოსულმა ჯგუფებმა ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ და ამ საკითხების მოგვარება უნდა დაიწყონ.“

გროდსკის თქმით, ტუნისსა და ეგვიპტეში მთავრობამ ხალხს უნდა დაუმტკიცოს, რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული თემებია. ამ მიმართულებით ეგვიპტესა და ტუნისში უკვე დაიწყო მუშაობა.

„ეგვიპტეში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას კორუფციაში მონაწილეობისთვის წაუყენეს ბრალი და არა ადამიანების წამების გამო. ეგვიპტეს ახალმა მთავრობამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ხალხს ძირითადად ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების დანახვა სურს. ტუნისშიც დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა. დროებითმა მთავრობამ რამდენიმე კომისია შექმნა, რომლებსაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების საქმიანობის გამოძიება და კორუფციაში მხილება დაევალა.“

გარდამავალი სამართლის სფეროში მომუშავე ექსპერტები აცხადებენ, რომ ყოფილ ლიდერებზე ანგარიშვალდებულების დაკისრება და დემოკრატიული პროცესებისკენ მშვიდობიანი სვლა, მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკაშიც, გამოწვევებით სავსე გზა იქნება.

XS
SM
MD
LG